დვაბზუს უსახელო ბაზილიკა

დვაბზუს უსახელო ბაზილიკა ― ისტორიული ძეგლი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში. განეკუთვნება V –VI საუკუნეებს. ემჩნევა გვიანდელი გადაკეთების კვალი. ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისა იყო. მდებარეობს კერძო საკუთრებაში. შემორჩენილია ტაძრისა და გალავნის ფრაგმენტები.

არქიტექტურა

რედაქტირება

შემორჩენილი კედლები ნაგებია ფლეთილი და თლილი ქვებით კირის დუღაბის ხსნარზე. ტაძარი წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმის დარბაზული ეკლესია იყო. ჰქონდა ნახევარწრიული შვერილი აბსიდი. აბსიდის მკლავები გარედან სწორ, ხოლო შემდგომ გაშლილ რკალს ქმნიდა. საკურთხეველი შიგნიდან მკვეთრად ნალისებრი იყო. მთავარი დარბაზი აბსიდზე გადაბმის გარეშეა მიბმული.შესასვლელი კარი დასავლეთის და სამხრეთ კედლებში იყო გამართული. ეკლესიის საფასადო კედელში ჩართული იყო ვერძის თავის გამოსახულებიანი არქიტექტურული დეტალები, რომლებიც ამჟამად ინახება ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში.

2010 წლის აგვისტოში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. ადგილზე აღმოჩენილი ბოლნური ჯვრის გამოსახულებიანი ქვის ბლოკი ამჟამად ინახება დვაბზუს წმინდა გიორგის ტაძარში. გათხრების შედეგად ასევე აღმოჩენილია საკურთხევლის სატრაპეზო მაგიდის ფილა, ადრეული შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი ამფორების და ქვევრების ნატეხები და სხვა არტეფაქტები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სადრაძე ვ, ძნელაძე მ., ღლიღვაშვილი ე., ლაცაბიძე ლ, გიორგაძე ზ., არქეოლოგიური გათხრები სოფ. დვაბზუში „უსახელო“ ეკლესიის ტერიტორიაზე 2010 წ. // გურია, მხარის კვლევა ძიების შედეგები : კრებული, თბილისი: მწიგნობარი, 2016, № VI, გვ. 25-43, ISSN 1512-3952.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16237