დეჰრადუნი (ასევე ცნობილი როგორც დეჰრა-დუნი) ― ინდოეთის შტატ უტარაკჰანდის დედაქალაქი და ყველაზე დასახლებული ქალაქი. ამავე სახელწოდების მქონე ოლქის დედაქალაქი. შედის დეჰრადუნის მუნიციპალურ კორპორაციასა და უტარახანდის საკანონმდებლო ასამბლეაში, რომლის ზამთრის დედაქალაქიცაა და ამ პერიოდში ზამთრის სესიებიც სწორედ დეჰრადუნში ტარდება. არის გარჰვალის რეგიონის ნაწილი და ამ დანაყოფის კომისრის შტაბ-ბინაც აქ მდებარეობს. დეჰრადუნი ერთ-ერთია ე.წ. „კონტრმაგნიტებს“ შორის, ანუ იმ ქალაქებს შორის, რომლებიც ეროვნული დედაქალაქის რეგიონის გარეთ მდებარეობენ, ზრდა-განვითარების ალტერნატიულ ცენტრებად ყალიბდებიან, დელიში მიგრაციისა და დემოგრაფიული აფეთქების მასშტაბების შემცირებას უწყობენ ხელს და „გონიერ ქალაქებად“ ყალიბდებიან. დეჰრადუნი მესამე უდიდესი ქალაქია ჰიმალაებში, კატმანდუსა და სრინაგარის შემდეგ.

დასახლებული პუნქტი
დეჰრადუნი
ინგლ. Dehradun
ჰინ. देहरादून
ურდუ دہرہ دون
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 30°19′05″ ჩ. გ. 78°01′44″ ა. გ. / 30.31806° ჩ. გ. 78.02889° ა. გ. / 30.31806; 78.02889
დაარსდა 1676
ფართობი 300 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 435±1 მეტრი
მოსახლეობა 578 420
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 135
საფოსტო ინდექსი 248001
ოფიციალური საიტი http://dehradun.nic.in/
დეჰრადუნი — ინდოეთი
დეჰრადუნი

დეჰრადუნი დუნის ხეობაში, ჰიმალაის მთისწინეთებზე მდებარეობს. ქალაქი აღმოსავლეთით განგის შენაკადს, სონგსა და დასავლეთით, იამუნის შენაკადის, ასანს შორისაა გაშლილი. ქალაქი ცნობილია თვალწარმტაცი პეიზაჟებითა და შედარებით რბილი კლიმატით.

დეჰრადუნი ცნობილი აკადემიური და კვლევითი კერაა. ქალაქში მდებარეობს: ინდოეთის სამხედრო აკადემია, ტყის კვლევის ინსტიტუტი, ინდირა განდის ეროვნული სატყეო აკადემია, დუნის სკოლა, ველჰამის ვაჟთა სკოლა, ველკამის გოგონათა სკოლა, უტარაკჰანდ აიურვედის უნივერსიტეტი, ჰიმალაური გეოლოგიის წადიის ინსტიტუტი და სხვ. ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, განათლებისა და კრიმინალის კვლევის შედეგების მიხედვით, დეჰრადუნი ინდოეთის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთო ქალაქია.[1][2] დეჰრადუნი ასევე ცნობილია ბასმატითა და ფუნთუშეულით.

დეჰრადუნი გარჰვალის სამეფოს ერთ-ერთი ცენტრი იყო. შემდგომში იგი ბრიტანელებმა დაიკავეს. სტრატეგიული მდებარეობის გამო, ინდოეთის შეიარაღებული ძალები დიდი ძალებითაა წარმოდგენილი დეჰრადუნში, გარჰის კანტონმენტსა და სამხედრო სადგურზე. ქალაქში კანონის დაცვაზე პასუხისმგებელი მთავარი სააგენტო უტარაკჰანდის პოლიციაა.[3]

დეჰრადუნი დაკავშირებულია ჰიმალაების ტურისტული დანიშნულების ადგილებთან, როგორებიცაა: მასური, ჩაკრატა, ნიუ-ტიჰრი, ჰარსილი, უტარკაში, აული და ცნობილი საზაფხულო და საზამთრო სალაშქრო დანიშნულების ადგილები, როგორებიცაა: დოდიტალი, დაიარა-ბუგიალი, კედარკანთა, ჰარ-კი-დუნი და ა.შ.

გეოგრაფია

რედაქტირება

ქალაქი დეჰრადუნი მეტწილად დუნის ხეობაში მდებარეობს. იგი ზღვის დონიდან 410 მეტრიდან (კელემნტ-თაუნი) 700 მეტრამდეა (მალსი) გაშლილი. ქალაქის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდა 450 მეტრია.[4] დეჰრადუნის ოლქში ჯაუნსარ-ბავარის მთები ზღვის დონიდან 3 700 მეტრის სიმაღლემდეა აზიდული. მასურის მთიანი რეგიონის სიმაღლე 1 870-2 017 მეტრია. გეომორფოლოგიური და მეტეოროლოგიური მახასიათებლების გამო, რეგიონში ხშირია ბუნებრივი კატასტროფები. მიწისძვრების გარდა, რეგიონში ხშირია მეწყერები, წყალდიდობები და სეტყვა.

დუნის ხეობაში მდებარეობს დასახლებები: რაივალა, რიშიკეში, დოივალა, ჰარავალა, დეჰრადუნი, ჰერბერპური, ვიკასნაგარი, საჰასპური, სელაკი, სუბჰაშ-ნაგარი და კლემენტ-თაუნი. დეჰრადუნის ოლქში მდებარეობს რაჯაჯის ეროვნული პარკი, სადაც სპილოებიც ბინადრობენ და ბენოგის ველური ბუნების თავშესაფარი მასურისა და ასანის საკონსერვაციო ნაკრძალში. ოლქს ჩრდილოეთიდან ჰიმალაები ესაზღვრება, სამხრეთიდან ― რაჯაჯის ქედი, აღმოსავლეთიდან ― მდინარე განგი, ხოლო დასავლეთიდან ― მდინარე იამუნა.

ოლქი ორ მთავარ ნაწილად იყოფა: ქალაქ დეჰრადუნად, რომელიც შივალიკითაა გარშემორტყმული და ჯაუნსარ-ბავარად, რომელიც ჰიმალაების მთისწინეთებზე მდებარეობს. ჩრდილოეთითა და ჩრდილო-დასავლეთით უტარკაში და ტეჰრი-გარჰვალი ესაზღვრება, აღმოსავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით ― პაური-გარჰვალი და განგი, დასავლეთით ― შიმლა და სირმაურის ოლქები, იამუნანაგარის ოლქი და მდინარეები: ტონსი და იამუნა. სამხრეთით ჰარიდვარი და საჰარანპურის ოლქი მდებარეობს.

ქალაქი ჩრდილოეთ 30°01' განედიდან 31°2' განედამდე და აღმოსავლეთ 77°34'გრძედიდან 78°18' გრძედამდეა გადაჭიმული.[5] ოლქი მოიცავს ექვს ტეჰსილს: დეჰრადუნს, ჩაკრატას, ვიკასნაგარს, კალსის, ტიუნისა და რიშიკეშს; ექვს ბლოკს: ვისს, ჩაკრატას, კალსის, ვიკასნაგარს, საჰასპურს, რაჯპურსა და დოივალას; 17 მცირე ქალაქსა და 764 სოფელს. სოფლებიდან 746 დასახლებულია, ხოლო 18 ― უკაცრიელი.[6]

 
რაჯპურის ხედი, დეჰრადუნი

დეჰრადუნი ტენიან სუბტროპიკულ (Cwa, სუბტროპიკული ოკეანური კლიმატი) სარტყელშია მოქცეული. ქალაქი დუნის ხეობაშია გაშლილი და სიმაღლის ცვლილებასთან ერთად ტემპერატურაც ცვალებადია.[7] საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 2 073.3 მმ-ის ტოლია. ნალექების უმეტესობა ივნისიდან სექტემბერამდე პერიოდში მოდის. ყველაზე ნალექიანი თვეები ივლისი და აგვისტოა. ნაყოფიერი ალუვიონი, მდინარეთა დრენაჟი და უხვი წვიმები სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს.

ჰავის მონაცემები — დეჰრადუნი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 28.6 31.2 37.2 40.8 43.1 43.9 40.6 37.2 36.6 36.1 30.6 28.7 43.9
საშუალო მაღალი °C 19.8 22.1 26.8 32.3 34.8 34.2 30.7 30.0 29.9 28.8 25.3 21.5 28.0
საშუალო დაბალი °C 6.2 8.4 12.5 16.8 20.6 22.7 23.1 22.6 20.8 15.6 10.8 7.2 15.6
რეკორდულად დაბალი °C −1.1 −1.1 2.2 7.2 11.3 13.1 13.2 18.0 14.3 8.4 2.8 0.0 −1.1
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 43.5 57.9 45.8 32.9 51.4 231.1 621.6 714.9 305.9 38.3 5.2 13.0 2 161,5
წვიმიანი დღეები საშუალოდ 2.8 3.8 3.2 2.7 3.8 10.3 20.5 21.6 12.0 2.1 0.4 1.1 84.3
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) 65 56 45 34 37 53 78 82 76 65 67 69 61
წყარო: India Meteorological Department[8][9]
  1. „This Indian city is best to live in, but not safest; the safest city is Dehradun“. Financial Express. 14 November 2018. ციტირების თარიღი: 19 June 2022.
  2. „देहरादून स्मार्ट सिटी को सुरक्षा की श्रेणी में अवार्ड“. Dainik Jagran (ჰინდი). 20 March 2022. ციტირების თარიღი: 19 June 2022.
  3. Organization Setup. ციტირების თარიღი: 8 December 2022
  4. Dehradun, Uttarakhand, India. The University of Melbourne (18 September 2020). ციტირების თარიღი: 4 July 2021
  5. Altitude en. Dehradun. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ივნისი 2008. ციტირების თარიღი: 26 March 2011
  6. Important District Indicators en. Dehradun. ციტირების თარიღი: 26 March 2011
  7. Climate. Government of Uttarakhand. ციტირების თარიღი: 24 October 2020
  8. Station: Dehra Dun Climatological Table 1981–2010. Climatological Normals 1981–2010 გვ. 233–234. India Meteorological Department (January 2015). ციტირების თარიღი: 15 February 2020
  9. Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 15 February 2020