დემურ ტაბიძე
დემურ ტაბიძე (დ. 1 ივნისი, 1933 — გ. 2006) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1988).
დემურ ტაბიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1 ივნისი, 1933 |
გარდ. თარიღი | 2006 |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | გეოგრაფი |
მუშაობის ადგილი | ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადემურ ტაბიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1956 წელს. მუშაობა დაიწყო თბილისის სამხედრო კარტოგრაფიულ ფაბრიკაში ტექნიკოს-კარტოგრაფის თანამდებობაზე; 1957 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში.[1]
ინსტიტუტში ახლად შექმნილი კარსტოლოგიისა და სპელეოლოგიის ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდა სპელეო-ექსპედიციებში ხვამლის, ასხის, მიგარიას, წებელდის და ოხაჩქუეს კირქვულ მასივებზე. შედგენილი აქვს წებელდის კირქვული მასივის, ვახუშტი ბაგრატიონის უფსკრულის, აფიანჩისა და შაქურანის მღვიმოვანის ბლოკ-დიაგრამები, მღვიმეების გეგმები და ჭრილები, გავრცელების სქემატური გეგმები.
დემურ ტაბიძემ საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1966 წელს თემაზე: „მდ. კოდორის აუზის გეომორფოლოგია“, ხოლო სადოქტორო დისერტაცია ქალაქ ნოვოსიბირსკში 1988 წელს თემაზე „რელიეფის მოცულობითი ანალიზი და გეომორფოლოგიური სისტემატიკა“. მის მიერ გამოკვლეულია საქართველოს რელიეფის მორფოლოგიის გენეზისისა და ასაკის სხვადასხვა ასპექტები, აგრეთვე გეომორფოლოგიური კარტოგრაფირების თეორიული საფუძვლები.[1]
მუშაობდა ფიზიოგრაფიული კარტოგრაფირების საკითხებზე. მეცნიერული საფუძველი ჩაუყარა მეცნიერებისა და ხელოვნების ახალი მიმართულების შექმნას — ბუნების ქანდაკებისა და გეოგრაფიული ფერწერის შესახებ, რაც შეიძლება დაუკავშირდეს ტურიზმის მსოფლიო ბიზნესს გეოგრაფიული მუზეუმების შექმნის თვალსაზრისით. აღნიშნულთან დაკავშირებით მას შედგენილი აქვს საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების 40 ფერწერული ტილო.
დემურ ტაბიძეს გაკეთებული აქვს სხვადასხვა მასშტაბის საქართველოსა და მისი კუთხეების ბუნებრივი ქანდაკებები. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.[1]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- იმერეთის გეომორფოლოგია (რედაქტორი) // ნაწ. 1. თბილისი, მეცნიერება, 2003;
- იმერეთის გეომორფოლოგია: (რედაქტორი) // ნაწ. 2. თბილისი, მეცნიერება, 2004;
- Чхалтинское землетрясение (თანაავტორი). Тбилиси, Мецниереба, 1967;