დაუსწრებელი განათლება
დაუსწრებელი განათლება — წარმოებისაგან მოუწყვეტლად საშუალო და უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადება დაუსწრებელი სწავლების სისტემის საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში ან მათ დაუსწრებელ განყოფილებებსა და ფაკულტეტებზე.
საბჭოთა კავშირში 1938 წლამდე დაუსწრებელი განათლების ქსელი ვითარდებოდა ერთიანი გეგმის გარეშე, არ იყო დადგენილი მსმენელთა მიღების რაოდენობა, სწავლების ვადა და სასწავლო რეჟიმი. დაუსწრებელ სწავლებაში ჩაბმული მსმენელები არ იყვნენ უზრუნველყოფილი სათანადო სახელმძღვანელოებით, მეთოდური ხასიათის დამხმარე ლიტერატურითა და სასწავლო პროგრამებით. 1938 წლის 29 აგვისტოს დადგენილებით დაწესდა დაუსწრებელი სწავლების რამდენიმე ორგანიზებული ფორმა, უმაღლეს სასწავლებლებში ჩატარდა ბევრი საორიენტაციო ღონისძიება, მსმენელები განთავისუფლდნენ სწავლის ქირისაგან. საქართველოში ამ დროს ჩამოყალიბდა დაუსწრებელი პედაგოგიკური ინსტიტუტი, რომელიც შემდეგ შეუერთდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაუსწრებელ განყოფილებას. 1990-იან წლებში დაუსწრებელი სწავლების განყოფილებები ჰქონდა თითქმის ყველა წამყვან ქართულ უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებელს, ასევე ჰუმანიტარული პროფილის ზოგიერთ კერძო სასწავლებელს. უმაღლესი განათლების შესახებ კანონის (2004) თანახმად, დაუსწრებელი განათლების ქსელი საქართველოში გაუქმდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- გორელაშვილი ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.