დართლოს საბჭეო
დართლოს საბჭეო — ტრადიციული სასამართლო საქართველოში ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დართლოში.
დართლოს საბჭეო თუშეთში სამართალწარმოების ძეგლებს შორის ყველაზე სრულყოფილად შემორჩენილი ძეგლია. მთაში უხუცესებით შემდგარ სასამართლოს დიდი ისტორია აქვს, დართლოს საბჭეოს შექმნას კი XVI-XVII საუკუნეებს მიაწერენ.
სოფელ დართლოს ეკლესიის დასავლეთით, საბჭეო მდებარეობს, იგივე სასამართლო. აქ განიხილებოდა ყველა საჭირბოროტო, სოფლისათვის მნიშვნელოვანი და მომრიგებლური საკითხი. ნახევარწრეზე უხუცესი მსაჯულებისათვის 12 ქვის სკამი იყო ჩადგმული. სადაო საკითხების განხილვისას ფიცი იდებოდა. მონაწილენი ულვაშის თითო ღერს იძრობდნენ და საფიცარი ქვის ქვეშ დებდნენ ან ორმოში აგდებდნენ. ამის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღებოდა. დაუმორჩილებლობა კი ღვთის გმობის ტოლფასი იყო.
საბჭეოზე კიდევ ორი ქვა იყო განთავსებული, რომელზეც მოსარჩლე და ბრალდებული იდგნენ. ხალხი კი შორიახლოდან აკვირდებოდა. თუ ნაფიც მსაჯულებს მოსარჩლესა ან ბრალდებულში ეჭვი ეპარებოდათ, მშინ ხატის კარის ჯვარზე ან წინაპრის საფლავზე დააფიცებდნენ.
არამარტო დართლოში, ზოგადად თუშეთში სასამართლოს სასიკვდილო განაჩენი არ გამოჰქონდა. ყველაზე დიდი სასჯელი სოფლიდან და თემიდან განკვეთა იყო. თუმცა დასჯილს უფლება ეძლეოდა, წლების შემდეგ სოფლისათვის დაბრუნების თხოვნით მიემართა. მოსამართლეებს სოფელი ირჩევდა , თუმცა არარის ცნობილი, ეს სამუდამო მოვალეობას წარმოადგენდა თუ გარკვეული ვადით ირჩევდნენ. აღსანიშნავია, რომ დართლოს საბჭეოს XVIII საუკუნეში10 წლის მანძილზე, ლეკებთან მებრძოლი თუში გმირის, დევდრის ანთას გონიერი ასული ხელმძღვანელობდა.