დანახარული
დანახარული, განახარული — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ წაგრძელებული ფორმის, ძირითადად ხუთნაკვთიანია. ფოთლის ორივე მხარე შიშველია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ ფრთიანი. კუმსია, გვხვდება ძლიერ კუმსი და საშუალო სიკუმსის მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან სუსტად ოვალური, მუქი წითელი, თითქმის შავი. თხელი, მაგრამ მკვრივი კანი, ცვილისებრი ფიფქით საკმაოდაა დაფარული. რბილობი წვნიანია, ოდნავ კნატუნა, გემო — სასიამოვნო.
დანახარული ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანი ვაზია. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 173-185 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის ჰირველ ნახევარში შედის. მტევნის წონა 140-400 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 12.0-14.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5-7გ/ლ-ს.
მიიღება თხელი, სუფრის წითელი ღვინო. ასევე გამოიყენება საკუპაჟედ და საბრენდე სპირტის დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 101