დამატებული ღირებულება
დამატებული ღირებულება — ეკონომიკური მაჩვენებელი, ღირებულების ნამატი, რომელიც იქმნება საქონლის, სამუშაოს და მომსახურების წარმოების ყოველ კონკრეტულ პროცესში და გამოხატავს სხვაობას წარმოებული საქონლისა და მომსახურების ღირებულებასა და შუალედური მოხმარების (შრომის ანაზღაურების, მატერიალური დანახარჯების, საამორტიზაციო ანარიცხების, ზედნადები დანახარჯების და სხვ.) ღირებულებას შორის.
დამატებული ღირებულების (დ. ღ.) გაანგარიშება ხდება მწარმოებლის, დარგის და მთელი ქვეყნის მასშტაბით. მწარმოებლის დონეზე დ. ღ. სიდიდე წარმოადგენს სხვაობას გაყიდული პროდუქციის ღირებულებასა და მისი წარმოებისათვის ნაყიდი და გამოყენებული მასალების ღირებულებას შორის. დარგის დონეზე დ. ღ. ტოლია დარგის მიერ გაყიდული პროდუქციისა და ყველა შუალედური (საქონლის წარმოების ყველა წინა ეტაპზე შექმნილი ღირებულება) საქონლის ღირებულებათა სხვაობისა. ყველა საწარმოს მიერ შექმნილი დ. ღ-ის ჯამი შეადგენს ქვეყნის მასშტაბით შექმნილ დ. ღ-ს, რომელსაც უწოდებენ ეროვნულ შემოსავალს.
დ. ღ-ის გაანგარიშება იძლევა საშუალებას, თავიდან იქნეს აცილებული საწარმოთა მთლიანი გამოშვების (პროდუქციისა და მომსახურების) ღირებულებაში ორმაგი აღრიცხვა. გამომდინარე აქედან, დაბეგვრის ბაზად იყენებენ დ. ღ-ის მოცულობას. საქართველოში დ. ღ-ის გაანგარიშება და პრაქტიკული გამოყენება დაიწყო 1992 წლიდან, როდესაც შემოიღეს დ. ღ-ის გადასახადი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბასარია რ., მესხია ი., ეკონომიკური თეორიის საფუძვლები, თბ., 1996.
- ეკონომიკური თეორია, გ. ადეიშვილისა და რ. ასათიანის რედ., თბ., 1998.
- ჩიქავა ლ., ეკონომიკური თეორიის მოკლე კურსი, თბ., 1997.
- მესხია ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.