დაიჯესტი (ინგლ. digest – მოკლე მონათხრობი, რეზიუმე < ლათ. digerere – დაყოფა) — პუბლიკაცია, კონკრეტული ტექსტიდან ადაპტირებული ან ამოკრებილი მასალების შენარჩევი, რომელშიც მოკლედაა გადმოცემული ამ ტექსტის შინაარსი; ასევე კრებული, რომელიც შეიცავს სხვა გამოცემებიდან გადმობეჭდილ (ხშირად შემოკლებული სახით) საინტერესო მასალას. დაიჯესტი უხშირესად თემატური ხასიათისაა და გამოიყენება ამა თუ იმ თემატიკის ირგვლივ გაერთიანებულ მთავარ სიახლეთა გასაცნობად.

სიტყვა „დაიჯესტი" გვხდება მთელი რიგი გამოცემების დასათაურებაში, რომლებიც სხვა წყაროებიდან მასალების (როგორც წესი, შემცირებული და სისტემატიზებული სახით) გადმობეჭდვაზე სპეციალიზდება. ამგვარ გამოცემათა რიგს მიეკუთვნება ამერიკული ყოველთვიური ლიტერატურულ-პოლიტიკური ჟურნალი „რიდერს დაიჯესტი" („Reader’s Digest“). ხშირად გვხვდება ამ ტიპის გამოცემები ქართულ ინტერნეტსივრცეში; მათ შორისაა საქართველოს პარლამენტისა და სხვადასხვა სამინისტროს საინფორმაციო ინტერნეტ-გამოშვებები.

თანამედროვე დაიჯესტების მსგავსი პერიოდული გამოცემები ჯერ კიდევ XVII–XVIII საუკუნეებში გავრცელდა, თუმცა სიტყვა „დაიჯესტის" ნაცვლად გამოიყენებოდა მსგავსი შინაარსიის სხვა სახელწოდებები (მაგ: Extract, „ამონარიდები“; Anmerkungen, „შენიშვნები“ და სხვ.) ქართულ ენაში ტერმინი „დაიჯესტი" 1980-იანი წლებიდან დამკვიდრდა და დღემდე ფართოდ გამოიყენება. სხვა ენებში მისი მნიშვნელობა უტოლდება „პრესის მიმოხილვის" ცნებას.

ლიტერატურა

რედაქტირება