დავით დინანტელი
დავით დინანტელი (დ. 1160 - გ. 1217) — პანთეისტი ფილოსოფოსი, ამალრიკ შარტრელის მოწაფე. ასწავლიდა თეოლოგიას პარიზში. ეკლესიის მიერ დაგმობილ იქნა 1210 წელს თხზულებისთვის „Quaternuli“ („მცირე რვეულები“). მისი გარდაცვალების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია. გარდაიცვალა 1215 წლის შემდგომ პერიოდში, მას მერე, რაც კრებამ ხელმეორედ დაგმო მისი თხზულებები.
თეოლოგია
რედაქტირებაროგორც მის თხზულებებში ნათლად ჩანს, დავით დინანტელი პანთეისტია. თავის წიგნში „De Tomis, seu Divisionibus“ („განყოფისათვის“) ამტკიცებს, რომ ღმერთი არის მატერია (materia prima[1]), რომელიც საფუძვლად უდევს ყველა საგანს, სულიერსაც და სხეულებრივსაც, როგორც მათი ერთგვაროვანი სუბსტრატი.
ერთმანეთისგან განასხვავებს საგანთა სამ გვარს[2]: სხეულებს, სულებსა და ცალკეულ სუბსტრატებს. სხეულთა ერთობა განსაზღვრულია სულით, სულებისა - გონებით, ცალკეული სუბსტანციებისა კი - ღმერთით. მაგრამ, სამი საწყისი - ღმერთი, გონება და მატერია საბოლოო ინსტანციაში ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან, თორემ ამ სხვაობას საფუძვლად უნდა სდებოდა მათი სპეციფიკური ფორმები.