გუნდა-ლახოსტაკი
გუნდა-ლახოსტაკი — თმისა და წარბ-წამწამის შესაღები ხალხური კოსმეტიკური საშუალება. ამზადებდნენ გუნდის ხის (კვიპაროსი) გირჩისა და მინერალ ანტიმონიტისაგან.
გუნდის ხის ნედლ გირჩას ღადარში წვავდნენ, ფხვნიდნენ და შავ საღებავს („შავბალახას“) იღებდნენ. ლახოსტაკის („წარბთ საღებავი ქუა“ — სულხან-საბა ორბელიანი) მისაღებად ანტიმონიტს სპილენძის ქვაბში წვავდნენ. გუნდის ფხვნილს გახსნიდნენ თბილ წყალში, შიგ გაქნიდნენ ლახოსტაკს და სადაფის ნიჟარაში ან ავანდასტში მოლესავდნენ. ლახოსტაკი საღებავის შემაკავშირებლის როლს თამაშობდა. წარბ-წამწამზე ჯერ მცენარეულ ზეთს ისვამდნენ, შემდეგ ძვლის, ლითონის ან ხის სასურმე ჩხირებით მოიხატავდნენ. გუნდა-ლახოსტაკი, როგორც კოსმეტიკური საშუალება, იხსენიება ძვ. „მზითვის წიგნებში".
ლიტერატურა რედაქტირება
- Яшвили А. О., Народная медицина в Закавказском крае, Тфл., 1904.
- ბესელია ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.