გულის მწვავე უკმარისობა
გულის მწვავე უკმარისობა, იგივე გულის კუმშვადობის დაქვეითება განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:
- გულის გადატვირთვის შედეგად ვითარდება მიოკარდიუმის კუმშვადობის დაქვეითება და ამ დროს მას არ შეუძლია შეასრულოს ის მუშაობა, რომელიც მოეთხოვება. კომპენსატორული შესაძლებლობები კი ამოწურულია, ეს არის გულის ჰემოდიანამიკური უკმარისობა;
- მიოკარდიუმში მეტაბოლიზმის და ენერგეტიკული პროცესების დარღვევით, რომელსაც გულის ენერგეტიკულ-დინამიკურ უკმარისობას უწოდებენ.
ეტიოლოგია
რედაქტირებაგულის მწვავე უკმარისობის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს გულის ინფარქტი, გულის მანკი და არითმია, მწვავე ჰიპოქსია, ჰიპოკალიემია, ენდო- და ეგზოგენური ინტოქსიკაციის, თირკმლების და ღვიძლის მწვავე უკმარისობა, სეფსისი, ალერგიული და ანაფილაქსიური რეაქციები, ფილტვის სპეციფიკური და არასპეციფიკური ქრონიკული ჩირქოვანი დაავადებანი, ჰიპერტონიული დაავადებანი, კორონაროსკლეროზი და ჰიპოვოლემია.
პათოგენეზი
რედაქტირებაგულის მწვავე უკმარისობის განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნივთიერებათა ცვლის ბიოქიმიური პროცესების ცოდნას, რომელიც საფუძვლად უდევს გულის მოქმედებას. მიოკარდიუმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი სამი ფაზისგან შედგება:
- ენერგიის განთავისუფლება
- ენერგიის შენახვა
- ენერგიის გამოყენება
ენერგიის ოპტიმალური განთავისუფლება, შენახვა და გამოყენება უზრუნველყოფს გულის მიერ ადეკვატური მექანიკური მუშაობის შესრულებას. გულის მწვავე უკმარისობის დროს ადგილი აქვს წყალელექტრონული ბალანსის, თირკმელებისა და ფილტვების (ჰიპოქსია)ფუნქციების დარღვევას. ამაში წამყვანი როლი ექსტრაკარდიალურ, განსაკუთრებით ნეიროენდოკრინულ ფაქტორებს ენიჭება. მიოკარდიუმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევისა და ამის შემდეგ გულის კუმშვადობის უნარის დაქვეითება იწვევს სისხლის გამოდენის შემცირებას, ვენური წნევის მომატებას, ცირკულირებადი სისხლის მოცულობის გაზრდას, მიკროცირკულაციისა და სისხლის რეოლოგიური თვისებების დარღვევას.
გულის მწვავე უკმარისობის კლინიკა
რედაქტირებაგულის მწვავე უკმარისობისათვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:
- ტაქიკარდია
- ქოშინი
- გულის საზღვრების გადიდება
- კანისა და ლორწოვანი გარსების ციანოზი
- კანის საფარველის პასტოზობა და ქსოვილის შეშუპება
- ღვიძლის გადიდება
- უძილობა
- აგზებადობა
- გულისრევა
- ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში
- დისპეფსიური მოვლენები
გულის მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა (კარდიალური ასთმა, ფილტვების შეშუპება)
რედაქტირებაგულის უკმარისობის ყველაზე ხშირ ფორმას მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა(ანუ კარდიალური ასთმა)წარმოადგენს. იგი უხშირესად აღენიშნებათ მიტრალური მანკით, კორონარული სკლეროზით, გულის ინფარქტით, ჰიპერტონიული დაავადებით, გლომერულონეფრიტით, ტოქსიკოინფექციური დაავადებით შეპყრობილ ავადმყოფებს. გულის მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობას ხელს უწყობს აგრეთვე მისი სისხლით მომარაგების არახელსაყრელი ფიზილოგიური თავისებურება. ეს იმაში გამოიხატება, რომ მარცხენა კორონარული არტერია სისხლს აწვდის მარცხენა პარკუჭის კუნთებს მხოლოდ დიასტოლის ფაზაში და სისხლის დინებას წყვეტილი ხასიათი აქვს, მარჯვენა პარკუჭის კორონარულ სისხლძარღვებში და სხვა ორგანოებში სისხლის დინებისგან განსხვავებით. ამავე დროს სისხლის გამოდენის ყოველგვარი შემცირება(გულის კუნთის ძლიერი სისუსტე, სისხლძარღვების მაღალი პერიფერიული წინააღმდეგობა, ჰიპოვოლემია, დაბალი დიასტოლური წნევადა სხვ.) უფრო მეტად თრგუნავს კორონარული სისხლის მიმოქცევას და ასუსტებს გულის კუნთის მუშაობას (გ. რიაბოვი, 1984). გულის მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობის ყველაზე უმძიმეს გამოვლინებას ფილტვების შეშუპება წარმოადგენს. ჩვეულებრივ გულის მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობის გამოვლინებას წარმოადგენს კარდიალური ასთმა, რომელსაც ახასიათებს შემდეგი ნიშნები: მოულოდნელი, სწრაფი განვითარება უფრო ღამით, ძლიერი ქოშინი, მოხრჩობის გრძნობა, სუნთქვა 30-40 წუთში, ციანოზი, მოუსვენრობა, მდებარეობის ხშირი შეცვლა შვებას არ აძლევს, უფრო ხშირად მჯდომარე მდგომარეობაშია, შეშინებულია, ცივ ოფლს ასხამს, ხველა დასაწყისში მშრალია, შემდეგ კი ეწყება ლორწოვანი, ქაფნარევი ნახველის გამოყოფა, რომელსაც სისხლის ზოლები ურევია, რაც ფილტვების შეშუპებაზე მიუთითებს. ფიზიკალური მონაცემები: გულის და ზოგჯერ აორტის განივი საზღვრები გაგანიერებულია, გულის ტონები მოყრუებული, მოისმინება შუილი, აღინიშნება არითმია, იმისდა მიხედვით თუ რა ეტიოლოგიური ფაქტორი უდევს საფუძვლად კარდიალური ასთმის განვითარებას, აუსკულტაციით ფილტვების ქვემო წილებში, განსაკუთრებით უკან, მოისმინება მსხვილ და წვრილბუშტუკოვანი ხიხინი, ზემო წილებში კი მსტვინავი ხასიათის ხიხინი ან ვეზიკულარული სუნთქვა.
გულის მარჯვენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა (გმპმუ)
რედაქტირებაგულის პარკუჭების მწვავე უკმარისობების ეს ფორმა შედარებით იშვიათია და ძირითადად გვხვდება გულის მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობის ფონზე. მისი განვითარება როგორც წესი, დაკავშირებულია მარჯვენა გულის გადატვირთვასთან, როგორც მაგალითად, ციტრატული სისხლის, რენტგენოკონტრასტული და ჰიპერტონული ხსნარების სწრაფი გადასხმა. ისინი იწვევენ სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში სისხლძარღვთა სპაზმს და წინააღმდეგობის გაძლიერებას, მარჯვენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა ყოველთვის ვითარდება ფილტვის არტერიის ემბოლიისა და ფილტვის მცირეკეროვანი მრავლობითი ინფარქტის დროს. იგი შეიძლება განვითარდეს აგრეთვე ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვის ემფიზემისა ქრონიკული ჩირქოვანი დაავადების დროს, პნევმოსკლეროზის,სპონტანური პნევმოთორაქსის, დიდი მოცულობის ექსუდაციური პლევრიტის, გულის მიტრალური სტენოზის და სხვა. დროს. ავადმყოფი უჩივის თავბრუს, ჰაერის უკმარისობას, გულისრევას, აგზნებულია. გმპმუ-ს კარდინალირი ნიშნებია: სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში შეგუბებითი მოვლენები, ცენტრალურივენური წნევის მკვეთრი მომატება, ღვიძლის მწვავე გადიდება და დაბერილი, კისრის მფეთქავი ვენები. დამახასიათებელია აგრეთვე ტაქიკარდია,ჰიპოტონია, ციანოზი, ქოშინი, ეპიგასტრიუმის მიდამოს(ღვიძლის) პულსაცია; სხეულის ზოგადი შეშუპება, ღრუებში სითხის დაგროვება, ოლიგურია და სხვ. ფიზიკალურად გულის მარჯვენა საზღვარი გაგანიერებულია, გულის ტონები მოყრუებული, ხშირად სახეზეა ექსტრასისტოლური არითმია, ზოგჯერ სამკარიან სარქველზე მოისმის შუილი, ფილტვების ქვემო წილში აუსკულტაციით — სველი სუბკრეპიტული ხიხინი.
დიაგნოსტიკა
რედაქტირებაგულის მწვავე უკმარისობის დიაგნოსტიკა ემყარება კლინიკურ, ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევებს.ელექტროკარდიოგრაფია(ეკგ) სრულ წარმოდგენას გვაძლევს გულის ისეთ ფუნქციურ მდგომარეობაზე, როგორიცაა ავტომატიზმი, აგზნებადობა და გამტარებლობა. ეკგ საშუალებას იძლევა დადგინდეს ჰიპოქსიასთან და ელექტროლიტურ დარღვევებთან დაკავშირებული ცვლილებები მიოკარდიუმში. მიოკარდიუმის კუმშვადობის უნარის დაგენას აწარმოებენ გულის მარჯვენა და მარცხენა პარკუჭების სისტოლის პოლიკარდიოგრაფიული ფაზური ანალიზით, აწარმოებენ გულის ჰიპოდინამიკის სინდრომის დადგენას. რეოგრაფია უპირატესად გულის მარჯვენა ან მარცხენა ნეხევრის დაზიანების დიფერენციალური დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა. ჰეტეროპოლარული რეოგრაფიით შეიძლება დადგინდეს გულის სისტოლური და წუთმოცულობა. ექოკარდიოგრაფიით იკვლევენ გულის საკნების მოცულობის ცვლილებას, მათი კედლების სისქეს, მიოკარდიუმის მასას. კომპიუტერული ექოკარდიოგრაფია პოლიკარდიოგრაფიასთან შეხამებით სშუალებას იძლევა ნაადრევად იქნეს გამოვლენილი დიასტოლის ფაზის დარღვევა გმუ-ის დროს. ცენტრალური ვენური წნევის გამოკვლევა გვეხმარება გმუ-ის დიაგნოზის, განსაკუთრებით გულის მარჯვენა ნახევრის უკმარისობის დადგენაში.
გულის მწვავე უკმარისობის ინტენსიური თერაპიის პრინციპები
რედაქტირებაგმუ-ბის დროს ინტენსიური თერაპიის ძირითადი ამოცანაა: 1) ფსიქიკური აგზნების მოხსნა;2) ორგანიზმის ჟანგბადით უზრუნველყოფა;3)გულში სისხლის მოდენის შემცირება — სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრის განტვირთვა;4)გულის კუმშვადობის ფუნქციის გაუმჯობესება;5)ელექტროლიტური ცვლის და აციდოზის დარღვევის კორექცია; 6)ვიტამინებით უზრუნველყოფა.
ლიტერატურა
რედაქტირება- გ. ცანავა — „პრაქტიკული რეანიმატოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის საფუძვლები“
გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება მითითებას ჯანმრთელობის თემებზე! |