გრიგორი სოკოლნიკოვი

გრიგორი იაკობის ძე სოკოლნიკოვი ნამდვილი სახელი გირშ იანკელის ძე ბრილიანტი (რუს. Григо́рий Я́ковлевич Соко́льников დ. 1888 — გ. 1 მაისი, 1939, ვერხნეურალსკი) — რუსი ბოლშევიკი, რევოლუციონერი, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

რსდმპ წევრი 1905 წლიდან. სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, საიდანაც გაირიცხა რევოლუციური საქმიანობის გამო. 1914 წელს ამთავრებს სორბონის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტს. პირველი მსოფლიო ომის დროს ცხოვრობდა შვეიცარიაში, მუშაობდა შვეიცარიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში, ეკავა ლენინისეული ინტერნაციონალისტურ-პორაჟენცული პოზიციები. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ლენინთან და სხვა ემიგრანტებთან ერთად ბრუნდება რუსეთში დალუქული ვაგონებით. 1917 წლის აპრილიდან არის რსდმპ(ბ) მოსკოვის კომიტეტის წევრი. პარტიის VI ყრილობაზე ირჩევენ პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად. იყო პარტიის პოლიტბიუროს წევრი. 1918 წლის მაის-ივნისში სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი. იყო რუსეთის სამოქალაქო ომის აქტიური მონაწილე. იყო მე-2 და მე-9 არმიების , სამხრეთის ფრონტის სამხედრო რევოლუციური საბჭოების წევრი, 1919-20 წლებში მე-8 არმიის სარდალი. 1920 წლის დასაწყისში ინიშნება თურქფრონტის სარდლად, აქტიურად მონაწილეობს ბასმაჩური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლებში. 1922-26 წლებში იყო ფინანსთა სახალხო კომისარი. 1926-28 წლებში საბჭოთა კავშირის ცენტრალური საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 1928-29 წლებში სსრკ ნავთობსინდიკატის თავმჯდომარეა. 1929-32 წლებში სსრკ-ს სრულუფლებიანი წარმომადგენელი დიდ ბრიტანეთში, 1929 წლიდან საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე. 1935 წელს ინიშნება სატყეო მეურნეობის სახალხო კომისრის მოადგილედ. 1936 წლის 26 ივლისს აპატიმრებენ „პარალელური ანტისაბჭოთა ტროცკისტული ცენტრის“ საქმესთან დაკავშირებით. 1937 წლის 30 იანვარს მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს ვერხნეურალსკის პოლიტიზოლატორში 1939 წლის 1 მაისს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება