გომისჯვრის წმინდა გიორგის ეკლესია

გომისჯვრის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გომისჯვარში. დგას სოფლის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით, სასაფლაოზე. თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით.

სამხრეთ-აღმოსავლეთი ფასადი
ჩრდილოეთ-დასავლეთი ფასადი

ეკლესია დაზიანებულია: დაბზარულია შენობის გვერდის კედლები და კონქი, ჩანგრეულია შეკიდული საბჯენი თაღები, ფასადებზე ბევრგან ჩამოცვენილია საპირე ქვები, მონგრეულია ლავგარდანი.

ეკლესია დარბაზულია (8,7 X 5,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია კარგად გათლილი შირიმის ქვები, ხოლო ფასადების მოსართავად და შესასვლელის წირთხლებისა და ნიშების თაღების წყობაში - კვადრატული აგური. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. შემორჩენილი ნაწილების მიხედვით, მას თაღოვანი გადახურვა ჰქონია. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე შეისრულთაღიანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო შეისრული ნიშია. თითო სარკმელია სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. ნახევარწრიული კამარის შუა მონაკვეთში და დასავლეთ კედელთან შეკიდული საბჯენი თაღებია, რომლებიც შირიმის მთლიანი ქვის იმპოსტებს ეყრდნობა. ფასადებს გასდევს ოთხი რიგი აგურისაგან შემდგარი ორი ფართო ჰორიზონტალური ზოლი. ჩრდილოეთ ფასადზე შემორჩენილია ქვიშაქვის ლავგარდნის ორი ქვა, რომლის პროფილს თარო და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყე შეადგენს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობ, ტ. 5, 1990.