გომართის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელი საცხენეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით. აგებულია VIII-IX საუკუნეებში.

დარბაზული ეკლესია სამხრეთით დიდი სწორკუთხა მინაშენით, სოფლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 3-4 კილომეტრზე მდებარეობს. აღმოსავლეთით ეკლესიას გააჩნია ოდნავ შებრტყელებული აბსიდა, ცენტრში თაღოვანი სარკმლით. კედელზე მიდგმულია შირიმის კვადრისაგან თლილი, ვიწრო და მაღალი ტრაპეზი. კონქი ნახევარსფერულია. აბსიდის ჩრდილოეთ კუთხეში სწორკუთხა ნიშაა. ტრიუმფალური თაღი ეყრდნობა აბსიდის მხრების კაპიტელებს.

გრძივი კედლები ერთი წყვილი პილასტრით ორ მონაკვეთად იყოფა. დაბალ, სამსაფეხურიან პილასტრებს კაპიტელები გააჩნია. მათზე გადაყვანილი იყო თაღი, რომელიც არ შემორჩა. კამარა ცილინდრული იყო. მისი ცენტრალური ნაწილი მთელ სიგრძეზე ჩამონგრეულია. სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში არქიტრავული, ნაოთხალი შესასვლელია. დასავლეთი კედლის ცენტრში თაღოვანი სარკმელია. ამავე კედელს კუთხის პილასტრები აუყვება, მათში გადაყვანილი თაღი კაპიტელებს ებჯინება. ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში მცირე ზომის სწორკუთხა ნიშაა. თაღები, კაპიტელები, პილასტრები და კონქი შირიმის თლილი ქვითაა ამოყვანილი. კედლები ფლეთილი და შირიმის თლილი კვადრებითაა ნაშენი. ეკლესიას სამხრეთიდან სწორკუთხა მინაშენი აქვს. სამშენებლო მასალად გამოყენებულია შირიმი და ფლეთილი ქვა. შესასვლელი სამხრეთი კედლის ცენტრშია. ფასადების კუთხეები თლილი შირიმისაა, კედლები — ფლეთილი ქვის. ეკლესიას შემოუყვება მარტივი, სწორკუთხა პროფილის კარნიზი. ეკლესიის დასავლეთი ფასადის სარკმლის თავზე ფილაა „აყვავებული ჯვრის“ კომპოზიციით. გადახურვა არ შემორჩა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 162-163