გობელენი — ხელით ნაქსოვი ხალიჩა-სურათი (შპალერი).

„მარტორქის პოვნა“, გობელენი სერიიდან „მარტორქებზე ნადირობა“. საფრანგეთი, 1495-1505. მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი (ნიუ-იორკი)

ვიწრო გაგებით გობელენი პარიზის გარეუბანში, სენ-მარსელში, 1662 წელს დაარსებული ერთ-ერთი მანუფაქტურის მიერ დამზადებულ ნაწარმს ეწოდება. ეს სახელოსნო თავდაპირველად მეფის პირადი სახელოსნო იყო. მასში გაერთიანდა შპალერის დამამზადებელი კერძო დაწესებულებანი, მ.შ. ფლამანდიელი ფეიქრების მ. კომანსისა და ფ. პლანშის მიერ 1607 წელს დაარსებული სახელოსნო. ეს საწარმო განთავსებული იყო ცნობილი მღებავების – გობელენების (Gobelins) ყოფილი სახელოსნოს შენობაში, საიდანაც მოდის იქ დამზადებული ხელით ნაქსოვი ხალიჩა-სურათების სახელი. გობელენს ამზადებდნენ შალისა და აბრეშუმის ფერადი ძაფით (ზოგჯერ სირმით). სპეციალურ საქსოვ დაზგაზე ხელით ქსოვდნენ ცალ-ცალკე ნაწილებს და შემდეგ მათ აბრეშუმის წვრილი ძაფით აერთებდნენ. XIX საუკუნეში გობელენს უწოდებდნენ საერთოდ შპალერსა და მანქანური წესით დამზადებულ სქელ ტილოებს. XX საუკუნის 30-იან წლებში გობელენის ხელოვნება აღორძინდა.

გობელენი საქართველოში

რედაქტირება

გობელენის ხელოვნება საქართველოში XX საუკუნის 60-იან წლებში დამკვიდრდა. მას ხელი შეუწყო ამ პერიოდში დეკორატიული-გამოყენებითი და მონუმენტალური-დეკორატიული ხელოვნების განვითარებამ. გობელენის კოლორიტის ჩამოყალიბებასა და სიბრტყის გააზრებაზე გარკვეული გავლენა იქონია ქართულმა ფარდაგმა. ქართულ გობელენს გააჩნია საგამოფენო და საზოგადოებრივი დანიშნულება. ის ძირითადად კლასიკური, ანუ მჭიდროდ ნაქსოვია. სწორკუთხედის ფორმის ტრადიციასთან ერთად გვხვდება სხვადასხვა ფორმის გობელენებიც. XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე მეტი ადგილი დაიკავა აბსტრაქტულ-დეკორატიულმა გობელენმა. იგი უკვე ტრადიციულ ფორმად მკვიდრდება და ძირითადად დამახასიათებელია ახალგაზრდა ქართველ მხატვართა შემოქმედებისათვის. ქართული გობელენის დარგის წარმომადგენლები არიან: გივი ყანდარელი, ლ. ელიაშვილი, ნ. კიკნაძე, ძმები ა. და გ. გახარიები, ო. ხუბულური, ვ. წურწუმია, თ. ნუცუბიძე.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: