სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორდელაძე.

გიორგი ერასტის ძე გორდელაძე (დ. 17 თებერვალი, 1912, თბილისი — გ. 11 თებერვალი, 1990, იქვე) — ქართველი გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965).

ბიოგრაფია რედაქტირება

1940 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მისი პედაგოგები იყვნენ ი. შარლემანი, ს. ქობულაძე, ვ. გრიგოლია. იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1968 წლიდან, 1988 წლიდან — პროფესორი). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1944 წლიდან. იყო ნაყოფიერი გრაფიკოს-ილუსტრატორი, გამომცემლობა „სახელგამის“ (1933-1968) და „ნაკადულის“ (1968-1970) მთავარი მხატვარი. მაღალმხატვრულად გააფორმა წიგნები: „დედაენა“ (1955), გ. ჩუბინაშვილის „ქართული ოქრომჭედლობა“ (ალბომი), „ვეფხისტყაოსნის დასურათება“ (ორ წიგნად), ა. ანტონოვსკაიას „დიდი მოურავი“, დ. გურამიშვილის „დავითიანი“, რ. დანიბეგაშვილის „თვრამეტი წელი აზიის ქვეყნებში“, მ. ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელი“, ა. ფურცელაძის „მაცი ხვიტია“, ზღაპარი „ნაცარქექია“ და სხვ. წარმატებით მუშაობდა დაზგურ გრაფიკასა და ფერწერაში. შექმნა ისტორიულ პირთა პორტრეტები. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: „ჭიდაობა ანანურში“ (1957), „ცხრა ძმა ხერხეულიძე“ (1964), „დავით აღმაშენებელი“ (1980), „მეფე ერეკლე II“ (1982), „თამარ მეფე ვარძიაში“ (1987) და სხვ. საერთო აღიარება მოიპოვა მხატვრის მიერ შექმნილმა პლაკატებმა: „ტელეხედვა სვანეთში“, „ოცნება და სინამდვილე“, „ტყე ჩვენი სიმდიდრეა“ და სხვ. გორდელაძე წლების მანძილზე მუშაობდა ქართულ შრიფტზე. ავტორია ქართული, რუსული და ლათინური შრიფტის ორიგინალური ნიმუშებისა.

ლიტერატურა რედაქტირება