გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნი
გინესის მსოფლიო რეკორდები, 2000 წლიდან გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნი (ინგლ. Guinness Book of Records, Guinness Book of World Records) — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყოველწლიური გამოცემა, მოიცავს ცნობებს ადამიანის უდიდესი მიღწევებისა და რეკორდების, აგრეთვე ბუნების უნიკალური მოვლენების შესახებ. 1955 წლიდან გამოსცემს კორპორაცია „არტურ გინეს ენდ სანს პაბლიკ ლიმიტედ კომპანი“ (ამ სახელწოდებითაა ცნობილი 1982 წლიდან). გამოდის მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 25 ენაზე.
ამჟამად გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნი იბეჭდება გამომცემლობა „გეიმერის“ („Gamer's Edition“) ეგიდით და ახალ-ახალი რეკორდებით ივსება. მასში მოხვედრა საპატიოა, რისთვისაც ათასობით ადამიანი იღვწის. საინტერესოა ამ წიგნის შექმნის ისტორია. 1951 წლის 10 ნოემბერს ინგლისელი ლორდი ჰიუ ბივერი, ა. გინესის ლუდსახარშის აღმასრულებელი დირექტორი, მეგობრებთან ერთად ნადირობდა გარეულ ფრინველებზე ვექსფორდში. მონადირეებმა კამათი გამართეს იმის თაობაზე, თუ რომელი ფრინველი უფრო სწრაფად ფრენდა. მათ ვერ მიაკვლიეს ცნობარს, რომელშიც ზუსტი მონაცემები იქნებოდა ამა თუ იმ ფრინველის ფრენის სისწრაფის შესახებ. ამის გამო, 1954 აგვისტოში, ჰიუ ბივერმა (იმხანად უკვე გინესის გამომცემლობის მმართველმა დირექტორმა) გადაწყვიტა საგანგებო საცნობარო კრებულის შედგენა და გამოცემა. მალევე მეცნიერთა გინ გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის საიუბილეო გამოცემის გარეკანი. მონაწილეობით შეიქმნა ბიურო და დაიწყო უდიდესი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება. არტურ გინესი (1725-1803) იყო ირლანდიელი ლუდის მხარშავი, რომელმაც 1759 წელს დააარსა ლუდის მწარმოებელი კომპანია (საოჯახო ფირმა). 1886 წელს კომპანია გარდაიქმნა კორპორაციად და XXI საუკუნის დასაწყისშიც რჩება ლუდის ერთ-ერთ უდიდეს მწარმოებლად. 1955 წლის 27 აგვისტოს გინესის კორპორაციამ გამოსცა პირველი წიგნი, რომელიც მალევე ბესტსელერად იქცა. მომდევნო წელს წიგნი გამოიცა აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში და სხვ. მას დამფინანსებელი ფირმის „გინესის“ სახელი დაენათლა. 2005 წელს აღინიშნა გამოცემის 50 წლისთავი.
საქართველოდან გინესის რეკორდების წიგნში ბევრი ადამიანია შესული, მ. შ.: მ. ჩიბურდანიძე , რ-მაც 17 წლისამ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჭადრაკში; ოლიმპიური ძალოსნები – გ. ასანიძე [მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ატაცში დამყარებული აქვს ორი მსოფლიო რეკორდი: 168 კგ (77 კგ წონით კატეგორიაში, 1998) და 186 კგ (85 კგ წონით კატეგორიაში)] და კ. კახიაშვილი [მსოფლიო და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1992, 1996, 2000)]; თ. ცისკარაძე (როგორც მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ყველაზე ახალგაზრდა კინორეჟისორი – 16 წლისა და 4 თვის); ჯ. ლეჟავა (ადგილზე ხელებით აზიდვების მრავალგზის გამარჯვებული, მსოფლიო მოგზაური); გ. მახარაძე (ექსტრემალური სპორტსმენი – 8 საათის, 12 წუთისა და 25 წამის განმავლობაში თავით ფეხბურთის ბურთის მკენწლავი); ლ. სარქისოვი – ყველაზე უხუცესი (60 წლისა და 161 დღის) მათ შორის, ვინც დედამიწის უმაღლეს მწვერვალ ევერესტზე (8848 მ ) ავიდა (12. V. 1999); 15 წლის ე. სააკაშვილი, რ-მაც დაამყარა რეკორდი (5. VII. 2011) თანამედროვე ტექნოლოგიებში. მან ერთი ხელით აიპადში (Ipad) 5,26 წამში აკრიფა ინგლისური ანბანი, რითაც წამნახევრით გააუმჯობესა წინა რეკორდი. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეტანილია, აგრეთვე, ქართ. სიტყვა „გვფრცქვნის“, რომელშიც 8 თანხმოვანი მიჯრით არის წარმოდგენილი; საქართვ. (აფხაზეთის) მდინარე რეპრუა – დედამიწის უმოკლესი (სიგრძე 27 მ ) მდინარე, რ-იც სათავიდან შესართავამდე ერთ ფოტოკადრში ეტევა. გინესის წიგნში შესაძლებელია ინფორმაციის მოპოვება კახეთში 1982 წელს ჩამოვარდნილი სეტყვის უზარმაზარი მარცვლის (56 მმ ) შესახებ და სხვა. გინესის წიგნში ქართ. სარეკორდო მონაცემების წარდგენას წარმატებით უძღვება საქართვ. მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირი „გიორგი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- მანია გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 11-12.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Guinness World Records (ოფიციალური საიტი)
- Guinness World Records Corporate დაარქივებული 2012-05-12 საიტზე Wayback Machine. (კორპორატიული გვერდი)
- Guinness World Records Facebook page
- Guinness World Records on Twitter
- Guinness World Attractions (მუზეუმის ოფიციალური საიტი)