გვიანი გაზაფხული
გვიანი გაზაფხული (იაპონ. 晩春) — 1949 წლის იაპონური დრამა. ფილმის რეჟისორია იასუძირო ოძუ, ხოლო სცენარზე მუშაობისას მას თანამშრომლობა კოგო ნოდამ გაუწია. „გვიანი გაზაფხული“ დაფუძნებულია XX საუკუნის იაპონელი რომანისტის, კაზუო ჰიროცუს მოთხრობაზე „მამა და ქალიშვილი“. ფილმი ანტიჰიტლერული კოალიაციის მიერ იაპონიის ოკუპაციის პერიოდშია გადაღებული, რის გამოც მას ოკუპაციური ცენზურის მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწია. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ჩიშუ რიუ, რომელსაც ოძუს თითქმის ყველა ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული და სეცუკო ჰარა, რომელმაც „გვიანი გაზაფხულის“ შემდეგ რეჟისორის ექვს ფილმში ითამაშა. „გვიანი გაზაფხული“ ოძუს ეგრეთ წოდებული „ნორიკოს ტრილოგიის“ პირველ ფილმს წარმოადგენს, რომლის მომდევნო ნაწილებია „ადრეული ზაფხული“ (1951) და „ტოკიური ამბავი“ (1953). სამივე ფილმი ახალგაზრდა ქალის, ნორიკოს შესახებ მოგვითხრობს, რომლის როლსაც სეცუკო ჰარა თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ სამივე ნორიკო დამოუკიდებელი პერსონაჟია, მათ ომის შემდგომ იაპონიაში მარტოხელა ქალის სტატუსი აერთიანებთ.
„გვიანი გაზაფხული“ | |
---|---|
იაპონური თეატრალური პოსტერი | |
რეჟისორი | იასუძირო ოძუ |
პროდიუსერი | ტაკეში იამამოტო |
სცენარის ავტორი |
კოგო ნადა იასუძირო ოძუ |
ეფუძნება | „მამა და ქალიშვილი“ — კაზუო ჰიროცუ |
როლებში |
ჩიშუ რიუ სეცუკო ჰარა ჰარუკო სუგიმურა |
გამოსვლის თარიღი | 19 სექტემბერი, 1949[1][2] | (იაპონია)
ხანგრძლივობა | 108 წუთი |
ქვეყანა | იაპონია |
ენა | იაპონური |
იაპონურ კინოში „გვიანი გაზაფხული“ შომინგეკის ჟანრს მიეკუთვნება, რომელიც საშუალო ან მუშათა კლასის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. „გვიანი გაზაფხული“ ფართოდ მიიჩნევა ოძუს შემოქმედებითი პერიოდის პირველ ფილმად, მას „რეჟისორის 1950-იანი და 1960-იანი წლების შემოქმედების მთავარ პროტოტიპს“ უწოდებენ.[3] ფილმში ომის შემდგომ პერიოდში იაპონური ოჯახების მდგომარეობაა აღწერილი.[4]
„გვიანი გაზაფხული“ 1949 წლის 19 სექტემბერს გამოვიდა[1][2] და მალევე იაპონური პრესის კრიტიკოსთა აღიარება დაიმსახურა, ხოლო მომდევნო წელს, როგორც 1949 წლის საუკეთესო იაპონურ ფილმს, გაზეთ Kinema Junpo-ს კრიტიკოსთა ჯილდო მიენიჭა.[5][6][7] ამავე წელს „გვიანი გაზაფხული“ მაინიტის კინოფესტივალზე წარდგა, სადაც ოთხ ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება, ესენია: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო სცენარი და საუკეთესო მსახიობი ქალი.[8][9] 1972 წელს ფილმი აშშ-ში გამოვიდა, სადაც ასევე დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა. ითვლება, რომ „გვიანი გაზაფხული“ ოძუს საუკეთესო ნამუშევარია[10] და მის კინომიდგომებსა და ენას საუკეთესოდ წარმოაჩენს.[11] ფილმს „იაპონურ კინოში პერსონაჟის შესწავლის ყველაზე სრულყოფილ და ყველაზე წარმატებულ ნიმუშად“ მიიჩნევენ.[1] სტიუარტ ბაირონმა გაზეთ The Village Voice-დან ფილმს „ოძუს უდიდესი მიღწევა“ უწოდა და აღნიშნა, რომ მისთვის „გვიანი გაზაფხული“ ყველა დროის ათ საუკეთესო ფილმს შორისაა.[12] 2009 წელს გაზეთ Kinema Junpo-ს ყველა დროის საუკეთესო იაპონური ფილმების სიაში „გვიანი გაზაფხული“ 36-ე ადგილზე მოხვდა.[13] 2012 წელს ბრიტანეთის კინოინსტიტუტმა ჟურნალ Sight & Sound-ის გამოკითხვის „ყველა დროის საუკეთესო ფილმები“ შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც „გვიანი გაზაფხული“ მე-15 ადგილზე დასახელდა. საიტზე Rotten Tomatoes ფილმს 100%-იანი რეიტინგი აქვს.[14]
თემები
რედაქტირებაქორწინება
რედაქტირება„გვიანი გაზაფხულის“ მთავარ თემას ქორწინება წარმოადგენს. ფილმში რამდენიმე პერსონაჟი დაჟინებით ცდილობს ნორიკოს დაქორწინებას, რაც ისტორიული მოტივებითაა განპირობებული. 1940-იანი წლების იაპონიაში ქორწინების საკითხი მეტად აქტუალური იყო. 1948 წელს ქვეყანაში მიიღეს კანონი, რომელიც ოც წელს გადაცილებულ ახალგაზრდებს მშობლების ნებართვის გარეშე ქორწინების ნებას რთავდა,[15] ხოლო ერთი წლით ადრე ქალებს განქორწინების უფლება მიანიჭეს.[16] მიიჩნევენ, რომ 27 წლის ასაკში ნორიკოს დაუქორწინებლობის მიზეზი მეორე მსოფლიო ომია, რომელსაც მისი თაობის მრავალი მამაკაცი შეეწირა, რამაც იაპონელი ახალგაზრდა ქალებისთვის პოტენციურ პარტნიორთა რიცხვი კრიტიკულად შეამცირა.[17][16]
ისევე როგორც ოძუს სხვა ფილმებში, ამ ფილმშიც ქორწინება მჭიდროდ ასოცირდება სიკვდილთან. მაგალითისთვის, ერთ-ერთ ეპიზოდში ონოდერას ქალიშვილი ქორწინებას „ცხოვრების სასაფლაოს“ უწოდებს.[18] კატე გეისტი ამის შესახებ წერს: „ოძუ თავის ფილმებში ქორწინებასა და სიკვდილს ერთმანეთს მკაფიოდ და საკმაოდ დახვეწილად უკავშირებს... საქორწინო და დაკრძალვის ცერემონიებს შორის პარალელების გავლება არა მარტო ოძუს გონივრული მიხვედრაა, არამედ იაპონური კულტურის ფუნდამენტურ კონცეფციას წარმოადგენს... „ნორიკოს“ ტრილოგიის სამივე ფილმი მშობლების მარტო დარჩენის გამო გამოწვეულო მელანქოლიური და სევდიანი განწყობით სრულდება... ახალგაზრდა თაობის დაოჯახება უფროს თაობას სიკვდილის სიახლოვეს ახსენებს, რაც სევდიან განწყობას ბადებს.“[19] რობინ ვუდი ფილმში ქორწინებასა და სიკვდილს შორის არსებულ კავშირს ყველაზე ნათლად საქორწინო ცერემონიის შემდგომ კადრში ხედავს, იგი წერს: „მას შემდეგ, რაც ნორიკო ოთახში მარტო რჩება, მაყურებელი კადრში ხედავს სარკეს, რომელშიც მისი გამოსახულება არ ირეკლება, რასაც მეტაფორული მნიშვნელობა აქვს. ცოლის იდენტობის შეძენის შემდეგ ნორიკო საკუთარ იდენტობას კარგავს და ნარატივიდან ქრება, რასაც სიკვდილის ეფექტი აქვს.[20]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Richie, p. 235
- ↑ 2.0 2.1 Bordwell, p. 307
- ↑ Bordwell, p. 311
- ↑ Umbrella: Issue 2, Spring 2007 – Dan Schneider on Yasujirō Ozu's Late Spring. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-17. ციტირების თარიღი: 2011-07-19.
- ↑ Bock, p. 95–96
- ↑ Late Spring (1949) — Awards. ციტირების თარიღი: 2011-09-24.
- ↑ Kinema Junpo [Japanese]. ციტირების თარიღი: 2011-12-24.
- ↑ Mainichi Film Concours (1950). ციტირების თარიღი: 2011-02-04.
- ↑ Mainichi Film Concours. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-05. ციტირების თარიღი: 2011-02-04.
- ↑ Russell, Catherine (2007). „Late Spring [DVD Review]“. Cinéaste. 32 (2): 65. ციტირების თარიღი: 2012-02-07.
- ↑ Late Spring (1949) – Yasujirō Ozu (Ozu-san.com). ციტირების თარიღი: 2011-09-04.
- ↑ Untitled Document. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-08-30. ციტირების თარიღი: 2011-12-26.
- ↑ Greatest Japanese films by magazine Kinema Junpo (2009 version). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-11. ციტირების თარიღი: 2011-12-26.
- ↑ Late Spring – Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 2020-03-21.
- ↑ Sorensen, p. 135–136
- ↑ 16.0 16.1 Late Spring (DVD), Richard Peña commentary
- ↑ Norman Holland on Yasujirō Ozu's Late Spring. ციტირების თარიღი: 2011-08-07.
- ↑ Bock, p. 79
- ↑ Geist, p. 109–110
- ↑ Wood, p. 119