გეზევრეთის წმინდა გიორგის მონასტერი

გეზევრეთის წმინდა გიორგის მონასტერი - არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზევრეთში. აგებულია გარდამავალ ხანაში.

მონასტერი სოფლიდან აღმოსავლეთით 800 მეტრში, დაბურულ ტყეში მდებარეობს. კომპლექსს შემოვლებული აქვს ქვის მშრალი წყობით ნაგები გალავანი, რომელიც თავდაცვითი ნაგებობის შთაბეჭდილებას ტოვებს. სამხრეთ-დასავლეთის არქიტრავული შესასვლელი გადახურულია ხის სამი ძელით. მოგვიანებით კარს პრიმიტიული კარიბჭე მიაშენეს, სადაც შირიმის პროფილირებული ტრაპეზის ქვა დადგეს. გალავანი გეგმით ოვალურია. კედლების სიმაღლე შემორჩა 1-3 მ. გალავნის შიგნით ორი ეკლესიაა.

პირველი ეკლესია ყველაზე დიდია მონასტერში, რომელსაც გრძივ კედლებზე მინაშენები აქვს. ეკლესიის ინტერიერი მაღალია. კედლებზე შემორჩა შელესილობის კვალი. სწორკუთხა საკურთხეველში დგას ტრაპეზის მასიური ქვა. დარბაზში რამდენიმე ნიშაა.

გარედან ეკლესია სადაა. სახურავი ახდილია. ჩანს შირიმის ლავგარდნის ერთი არაპროფილირებული ფრაგმენტი. ეკლესიას სამხრეთიდან მიდგმული აქვს ეკვდერი, რომელიც ეკლესიის გადახურვის კალთაშია მოქცეული. კამარის ჩრდილოეთი საბრჯენებიც ეკლესიის კედელს ეყრდნობა. თაღედი შირიმისაა. კამარა ჩამოქცეულია, რომელიც გადახურული ყოფილა დიდი ზომის ფილაქვით. საკურთხეველი ბრტყელია, მიდგმულია ტრაპეზის ქვა. ეკლესიასა და ეკვდერს დასავლეთიდან სტოა ჰქონდა, მოგვიანებით გადაკეთებული, ჩაშენებული, დახშული ერთი გასასვლელით. გასასვლელიც თავისებურია. თაღი გამოყვანილია დიდი ზომის შირიმის სოლისებრი ქვებით.

ეკლესიის სამხრეთით მიშენებულია სატრაპეზო - სწორკუთხა გეგმის, დიდი ზომის ნაგებობა. კამარა ჩამოქცეულია, დეფორმირებული კედლები შემორჩა 3-3,5 მ. სიმაღლეზე.

კომპლექსის ჩრდილოეთ კიდეში ორსართულიანი პალატია. მისი პირველი სართული დახშულია. სამხრეთით შემორჩა თაღოვანი შესასვლელი ლუნეტით. კამარისგან შემორჩა ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი და მეორე სართულის კედლის რამდენიმე ფრაგმენტი. პალატი შიგნიდან და გარედან გალესილი ყოფილა. მთელი კომპლექსი ფლეთილი ქვითაა ნაგები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 37-39