გარუეთის წმინდა გიორგის ეკლესია

გარუეთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარუეთში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სოფლიდან აღმოსავლეთით 3 კმ., მთაზე მდებარე ეკლესია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითაა ნაგები. ალაგ-ალაგ წყობაში გამოყენებულია ფლეთილი ქვაც.

დარბაზული ეკლესია გეგმით კვადრატს უახლოვდება, აღმოსავლეთით გააჩნია ნახევარწრიული აბსიდი, რომლის ცენტრში გაჭრილია შიგნით თაღოვანი - გარედან არქიტრავული სარკმელი. სარკმლის ძირში დგას ტრაპეზის ქვა. სამხრეთით და ჩრდილოეთით თითო ნიშაა. კონქი სფერულია, მისი დიდი ნაწილი ჩამონგრეულია. აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მცირე მხრებით. საკურთხევლის წინ შემორჩენილია კანკელის მარცხენა ნაწილი. აბსიდის ხარისხი მისსავე მოხაზულობას იმეორებს.

ეკლესიის სამხრეთის კედელი თითქმის ჩამონგრეულია. შეისრული კამარის მხოლოდ ჩრდილოეთი მხარეა შემორჩენილი. ჩრდილოეთ და დასავლეთ კედელს ხარისხი გასდევს. ამავე კედლებშია გაჭრილი სწორკუთხა სარკმლები. ინტერიერი ამოვსებულია ჩამონაშალი ქვით. შესასვლელის კვალი არ ჩანს.

ჩრდილოეთის ფასადზე შემორჩენილია მარტივპროფილიანი შირიმის კარნიზი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 34-35