გარუბნის ღვთისმშობლის ეკლესია
გარუბნის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარუბანში. აგებულია გარდამავალ ხანაში.
სოფლიდან აღმოსავლეთით 2 კმ-ზე, ტყეში დგას სამეკლესიანი ბაზილიკა, რომელიც სხვადასხვა ზომის რიყისა და ფლეთილი ქვითაა ნაგები. მარკანტულ ნაწილებზე გამოყენებულია შირიმი.
ეკლესიიდან ყველაზე უკეთ შემორჩენილია ჩრდილოეთი ნავი. აქ აბსიდი ნახევარწრიულია, ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშაა. ცენტრში გაჭრილია სარკმელი. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა.
ოდნავ შეისრული კამარის საბრჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. პილასტრებს ეყრდნობა აგრეთვე ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლის თაღებიც. დარბაზი მთავარ ეკლესიას არქიტრავული შესასვლელით უკავშირდება. დასავლეთის შესასვლელი ამჟამად ამოშენებულია.
მთავარი ეკლესიიდან შემორჩენილია გრძივი კედლები, დასავლეთი, სამხრეთ-დასავლეთი კუთხე და აბსიდის მოხაზულობის ჩრდილოეთი ნაწილი. მასში მოთავსებულია სწორკუთხა ნიშა.
სამხრეთი ნავი ფრაგმენტულადაა შემორჩენილი.
ეკლესია სერიოზულადაა დაზიანებული. კამარა და კონქი ჩამოქცეულია. თითქმის ყველა კედელი დეფორმირებულია. ტერიტორია სავსეა ჩამონაშალი ქვით. მიწის დონე აწეულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 33-34