გარდაცვლილნი (2008 წლის ფილმი)
გარდაცვლილნი (იაპონ. おくりびと) — 2008 წლის იაპონური დრამა, რომლის რეჟისორია იოძირო ტაკიტა. ფილმში მთავარ როლებს მასაშირო მოტოკი, რიოკო ჰიროსუ და ცუტომუ იამაძაკი ასრულებენ. „გარდაცვლილნი“ ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ვიოლონჩელისტის წარუმატებელი კარიერის შემდეგ მეგაპოლისიდან მშობლიურ ქალაქში ბრუნდება და დამკრძალავ ბიუროში იწყებს მუშაობას. სიკვდილთან დაკავშირებული მკაცრი სოციალური ტაბუების გამო იგი გარშემომყოფი საზოგადოების, მათ შორის ოჯახის წევრების მხრიდან ცრურწმენების ობიექტი ხდება.
„გარდაცვლილნი“ | |
---|---|
რეჟისორი | იოძირო ტაკიტა |
გამოსვლის თარიღი |
23 აგვისტო, 2008 13 სექტემბერი, 2008 (იაპონია) | (მონრეალი)
ხანგრძლივობა | 130 წთ. |
ქვეყანა | იაპონია |
ენა | იაპონური |
შემოსავალი | 70 მლნ აშშ დოლარი |
ფილმმა 2008 წლის აგვისტოში მონრეალის მსოფლიო კინოფესტივალზე გრან პრი მოიპოვა. მომდევნო თვეში „გარდაცვლილნი“ იაპონიაში გამოვიდა, სადაც საუკეთესო ფილმის ნომინაციაში აკადემიის ჯილდო მიიღო და ასევე ქვეყანაში წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა. ფილმმა წარმატების ზენიტს 2009 წელს მიაღწია, როცა ოსკარის 82-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა, რითაც ამ ჯილდოს მფლობელი პირველი იაპონური ფილმი გახდა.
ფილმმა დადებითი გამოხმაურება ჰპოვა. საიტზე Rotten Tomatoes „გარდაცვლილნს“ 80%-იანი რეიტინგი აქვს,[1] ხოლო საიტზე Metacritic ფილმი 100-დან 68 ქულითაა შეფასებული.[2]
სტილი
რედაქტირებაფილმში იაპონური დაკრძალვის ცერემონია იდეალიზებული სახითაა დახატული. ყოველი მიცვალებული, რომელიც ფილმში გვხვდება, ან ახალგაზრდაა, ან უკვე გაპატიოსნებულია, რისი მიზანიცაა, რომ „მაყურებელში ადვილად აღძრას თანაგრძნობის განცდა“.[3] სწორედ ამიტომ ფილმში არაა წარმოდგენილი იმ გვამის კადრები, რომელსაც რამდენიმე დღის მანძილზე ეძებდნენ,[3] ამასთანავე არცერთი მიცვალებულის სიკვდილი არაა ხანგრძლივი ავადმყოფობით ან უბედური შემთხვევით გამოწვეული.[4] იაპონოლოგი მარკ მულინსი აღნიშნავს, რომ ფილმში ნაჩვენები მადლიერება არ გვხვდება რეალურ ცხოვრებაში. იგი წერს: „დაკრძალვა სოციალურ იერარქიაში ყველაზე ქვედა საფეხურზე მდგომი საქმიანობაა, რეალურად, [იაპონელი] ადამიანები მეკუბოვესა და კრემატორს სწორედ ისევე უფრთხიან, როგორც სიკვდილს და გარდაცვლილის გვამს.“[5]
ფილმში გვხვდება საკურას სიმბოლიკა, რომელიც წუთისოფლის ცვალებადობას აღნიშნავს. ბუნების სიმბოლიკა წელიწადის დროების მონაცვლეობის სახითაცაა წარმოდგენილი, რაც პერსონაჟთა ემოციურ ცვლილებებს გამოხატავს.[6] კლასიკური მუსიკა და რიტუალიზებული ჟესტები ფილმში დაკრძალვის ცერემონიის სიწმინდეს წარმოაჩენს.[7]
კრიტიკული გამოხმაურება
რედაქტირებაიაპონიაში ფილმის გამოსვლას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ტოკიტოში შიოდამ Kinema Junpo-დან ფილმს ტაკიტას კარიერის გარდამტეხი მომენტი უწოდა, მან აღნიშნა, რომ „გარდაცვლილნი“ ადამიანური დრამაა, რომელიც მაყურებელში როგორც სიხარულს, ისე სევდას აღძრავს.[8] იმავე გამოცემაში მასააკი ნომურამ ფილმს სიღრმისეული ნამუშევარი უწოდა.[9]
სეიჩი ფუკუნაგამ Yomiuri Shimbun-დან შეაქო რეჟისორი ემოციური ამბის საშუალებით ტაბუდადებული თემის მიმართ არსებული ცრურწმენების წინააღმდეგ გალაშქრებისთვის. ფილმზე საუბრისას მან მსახიობთა საშემსრულებლო ხელოვნების მაღალი დონეც აღნიშნა.
ტომომი კაცუტამ Mainichi Shimbun-დან ფილმს აზრიანი ამბავი უწოდა, რომელიც მაყურებელს განსხვავებული საქმიანობის ადამიანებზე და სიკვდილის მნიშვნელობაზე აფიქრებს. იმავე გაზეთში ტაკაში სუძუკიმ ფილმს დასამახსოვრებელი, თუმცა პროგნოზირებადი უწოდა, ხოლო იუძი ტაკაჰაშიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ ცრურწმენების ობიექტ საკითხში კეთილშობილების აღმოჩენა ფილმის უდიდესი მიღწევა და დამსახურებაა.[10]
ჯილდოები
რედაქტირებაიაპონიის კინოაკადემიის 32-ე დაჯილდოებაზე, რომელიც 2009 წლის თებერვალში ჩატარდა, ფილმმა ცამეტი ნომინაცია მოიპოვა, ხოლო გამარჯვება ათ ნომინაციაში მოახერხა, მათ შორისა: საუკეთესო სურათი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მამაკაცი მსახიობი.[11]
„გარდაცვლილნი“ პირველი იაპონური ფილმია რომელმაც ოსკარის დაჯილდოებაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. ფილმის გამარჯვება, როგორც რეჟისორისთვის, ისე არაერთი კინოკრიტიკოსისთვისაც მოულოდნელობა აღმოჩნდა.[12]
„გარდაცვლილნი“ რიგ კინოფესტივალებზე წარდგა, სადაც აღიარება დაიმსახურა. ჰავაის 28-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმმა მაყურებლის ჯილდო დაიმსახურა, იგივე ჯილდო მიიღო ვილნიუსის 15-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, ხოლო მონრეალის 32-ე მსოფლიო კინოფესტივალზე გრან პრი მოიპოვა.[13] რამდენიმე კინოფესტივალზე, მათ შორის აზიის მე-3 კინოდაჯილდოებაზე, მასაჰირო მოტოკიმ საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში გაიმარჯვა. ჰონგ-კონგის 29-ე კინოფესტივალზე „გარდაცვლილნი“ საუკეთესო აზიურ ფილმად დასახელდა. 2009 წლის დეკემბრისთვის, ფილმს ჯამში 98 ჯილდო ჰქონდა მიღებული.[14]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Rotten Tomatoes.
- ↑ Metacritic.
- ↑ 3.0 3.1 Okuyama 2013, p. 5.
- ↑ Okuyama 2013, p. 17.
- ↑ Mullins 2010, p. 103.
- ↑ Byrnes 2009.
- ↑ Okuyama 2013, p. 8.
- ↑ Shioda 2008, p. 62.
- ↑ Nomura 2008, p. 61.
- ↑ Katsuta 2008, p. 11.
- ↑ Kilday 2009, Regent; Nippon Academy-shō Association, 2009.
- ↑ Adams 2009; Armstrong; Howell 2009.
- ↑ Kilday 2009, Regent.
- ↑ Schilling 2009, A decade.