ოტობია- სოფელი გალში მდეობარეობს ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში, ოტობაია სასაზღვრო სოფლელია და კერძოდ მდებარეობს მდინარე ენგურის სანაპიროსთან, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აქედან არავინ გაქცეულა, პირიქით - აქ მორბოდა ყველა. მიზეზი? გალის რაიონს არც არავინ უტევდა და არც არავინ იცავდა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შეიარაღებულ ჯგუფს, რომლებმაც მიტოვებულ სახლებში გახსნეს შტაბი და მოსახლეობას საჭმელს სთხოვდნენ. ეს ყველაფერი არც ისე დრამატულად გამოიყურება თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ დროს იბომბებოდა და იძარცვებოდა სენაკი, ფოთი, ზუგდიდი. მთელმა ნაძარცვმა ოტობაიის გზების გავლით ჯერ გალამდე მიაღწია, შემდეგ კი გალიდან ხმები მოდიოდა, ნაძარცვ კომპიუტერებს 1000 რუსულ რუბლად ყიდიანო. როგორც სოფელ ოტობაიას მცხოვრები ლარისა ხუფენია ამბობს, აფხაზი სეპარატისტები, რომლებსაც შტაბი მის სახლთან ახლოს ჰქონდათ გახსნილი, არავის არაფერს უშავებდნენ.

„ზუგდიდიდან შეშინებული ნათესავები ჩემთან გადმოვიყვანეთ სახლში და სავსე იყო აქაურობა ბავშვებით. აფხაზი ჯარისკაცები ხედავდნენ ამას და გვეუბნებოდნენ - გაღმა თუ ვინმე გყავთ, კიდევ გადმოიყვანეთ, აქ უსაფრთხოდ იქნებიანო“.

აფხაზების აქა-იქ გახსნილი „შტაბები“ ოტობაიასა და ახლო-მახლო სოფლებში ომის დამთავრებამდე დარჩა, შემდეგ კი ისინი სხვა შენაერთებმა ჩაანაცვლეს.

„აფხაზი ბიჭები გვეუბნებოდნენ, ჩვენ აქედან წავალთ და თქვენ შავ დღეში ჩაცვივდებითო. ამას იმიტომ ამბობდნენ, რომ უკვე იცოდნენ, ვინ ჩაანაცვლებდა მათ. მოგვიანებით რუსები მოვიდნენ და სიტუაციაც უფრო დამიძიმდა. თუ საზღვარზე გადასვლისას დაგვიჭირეს, რუსებს გალში მივყავართ და იქ ოქმებს გვიდგენენ, მერე ჯარიმას გვახდევინებენ და განმეორების შემთხვევაში, სამწლიან სასჯელსაც გვპირდებიან“, - ამბობს ქალბატონი ლარისა.


ოტობაიის ცენტრში, სადაც ადრე რუსი ცისფერჩაფხუტიანები იდგნენ, ახლა მათ ვეღარ ნახავთ. ეს ადგილი აფხაზმა სეპარატისტებმა დაიკავეს, რუსები კი ენგურის ზოლზე ე. წ. საზღვარს აკონტროლებენ. აქ დისლოცირებულ აფხაზ ჯარისკაცებს მეტწილად სამოქალაქო ტანსაცმელი აცვიათ. მხოლოდ ზოგიერთია სამხედროფორმიანი. ამიტომ ერთი შეხედვით გაგიჭირდებათ მათი გამორჩევა უბრალო მოსახლეობისგან. მართალია, დე ფაქტო ხელისუფლების სამსახურში ჩამდგარი აფხაზები არავის აწუხებენ, მაგრამ მოსახლეობის თქმით, მათ შორის არც მეგობრული ურთიერთობა დამყარებულა. ურთიერთობები ძირითადად მისალმებით შემოიფარგლება.

გვერდ „ოტობაია“-ზე დაბრუნება.