ბრაზილია (რომანი)
„ბრაზილია“ — ამერიკელი მწერლის, ჯონ აპდაიკის 1994 წლის რომანი. ნაწარმოები, რომელიც მაგიური რეალიზმის ელემენტებს შეიცავს, ტრისტანისა და იზოლდას უძველესი თქმულების სიუჟეტზეა აგებული.
სიუჟეტი
რედაქტირებატრისტაო რაპოსო, ცხრამეტი წლის რიო-დე-ჟანეიროს ღარიბულ უბანში მცხოვრები მეძავის შავკანიანი ვაჟი, კოპაკაბანას სანაპიროზე იზაბელ ლემს, ცნობილი ბრაზილიელი პოლიტიკოსის თვრამეტი წლის თეთრკანიან ქალიშვილს, გაიცნობს. სხვადასხვა რასისა და სოციალური წრისადმი კუთვნილებისა და განსხვავებული აღზრდის მიუხედავად, ახალგაზრდებს შორის ლტოლვა იმდენად მძაფრია, რომ ტრისტაო და იზაბელი გადაწყვეტენ — ისინი ბედისწერის ძალამ შეახვედრა ერთმანეთს და მათი გრძნობები ყველა გამოცდას გაუძლებს. შეყვარებულებს ერთად ყოფნისთვის არაერთი განსაცდელის გადატანა მოუწევთ, ისინი გამოცდიან გაჭირვებას, ძალადობასა და ტყვეობას, მშობლები მათ დაშორებას სხვადასხვა გზებით ეცდებიან. ტრისტაოსა და იზაბელის სიყვარულის ამბავი ურბანული გარემოს ბანალურობიდან ბრაზილიის ველური დასავლეთის უკიდურეს წერტილებში გადადის, სადაც ჯერ კიდევ მაგიური ძალები ბატონობენ. უძველესი ჯადო ტრისტაოს თეთრკანიანად, იზაბელს კი შავკანიანად აქცევს. მიუხედავად ამისა, ისინი ინარჩუნებენ რწმენას, რომ ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბრაზილია — ჯონ აპდაიკი
- ბრაზილია — ჯონ აპდაიკი Goodreads-ზე