ბიყარის ეკლესია
ბიყარის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ბიყარში, სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, მდ.მეჯუდას მარცხენა ნაპირას. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში. ეკლესია ნაგებია ფლეთილი ქვით სქელ დუღაბზე. წყობა სწორხაზოვანია. შესასვლელები და სარკმლების თაღები გადაყვანილია აგურის წყობით.
დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით, რომელშიც გაჭრილია სამი მაღალი თაღოვანი სარკმელი. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია პილასტრებით. გრძივი კედლები ოთხი წყვილი პილასტრის საშუალებით თანაბარ ნაწილებად იყოფა. ინტერიერი შელესილი ყოფილა. ნალესობა მრავალ ადგილას ჩამოცვენილია. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში სიმეტრიულად განლაგებული თაღოვანი სარკმლებია. ასეთივე სარკმელია დასავლეთ კედელშიც. დასავლეთის და სამხრეთის თაღოვანი შესასვლელების ორივე კარი ნაოთხალია.
სამხრეთ შესასვლელის თავზე, აგურის წყობაში ამოკვეთილი ჯვარია. დანარჩენი ფასადები სადაა. დასავლეთის კეხზე აღმართულია აგურით ნაგები სამრეკლო, რომელიც ღია ფანჩატურს წარმოადგენს. აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე მიწის დონე ძლიერ აწეულია. ეკლესია დგას ორსაფეხურიან ცოკოლზე. კამარა და კონქი ჩამოქცეულია. კედლები დაბზარულია. ინტერიერში ამოსულია დიდი ზომის მცენარეები.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 39-40