ბეოვულფი
ბეოვულფი (ძვ. ინგლ. Beowulf „ფუტკრის მგელი“, ანუ „დათვი“[1]) — ძველსაქსონური ეპიკური პოემა, რომლის მოქმედებაც ვითარდება სკანდინავიაში, ანგლების ბრიტანეთში გადასახლებამდე. სათაური დარქმეულია მთავარი გმირის პატივსაცემად. ტექსტი შეიქმნა VIII საუკუნის დასაწყსისში, ხოლო შემდგომ ქრისტიანობის გავრცელების გამო, ტექსტი რამდენიმეჯერ შეიცვალა. ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ XI საუკუნის ეგზემპლარი, რომელიც კინაღამ განადგურდა რიჩარდ კოტონის ბიბლიოთეკაში მომხდარი ხანძრის გამო 1731 წელს.
სიუჟეტი
რედაქტირებადანიის დიდი მეფის სკილდ სკეფინგის შვილიშვილი იყო მეფე ჰროთგარი. ჰროთგარმა ააგო ციხე-დარბაზი ჰეროთი, აავსო განძით, აქ ნადიმობდა და ილხენდა თავის მეომრებთან ერთად ძლევამოსილი მეფე, მაგრამ დიდი განსაცდელი ელოდა დანიას. ჭაობის ბინადარი ურჩხული გრენდელი შეეჩვია ჰეროთს, მიდიოდა ღამით და მუსრს ავლებდა ჰროთგარის მეომრებს. დაცარიელდა და გაუდაბურდა ციხე-სიმაგრე. დანიელები საგონებელში ჩაცვივდნენ.
როგორც კი გითთა (გითები, გაეთები) შორის უძლიერესს - ბეოვულფს ესმა დანიელების გაჭირვების შესახებ, ნავის მომზადება ბრძანა. შეარჩია თოთხმეტი ვაჟკაცი და დანიისკენ გაემართა.
დანიელებმა დიდი პატივით მიიღეს სტუმრები. ჰეროთში ნადიმი გაუმართეს. ბეოვულფმა პირობა დადო, რომ დაამარცხება ურჩხულს ან მასთან ბრძოლაში დაიღუპებოდა. ჰროთგარი კი სანაცვლოდ დაპირდა: ამ გაჭირვებისგან გვიხსენი და შენი ხომალდი ამ დარბაზის განძეულით დაიტვირთებაო. ნადიმის შემდეგ დანიელებმა ჰეროთი დატოვეს და იქ მხოლოდ გითები დარჩნენ.
როგორც კი დაღამდა, გრენდელი გამოემართა სასახლისკენ. გაეთელ მეომრებს უკვე ეძინათ. ურჩხულმა ერთი მათგანი ბრჭყალებში მოიქცია და დაგლიჯა. მერე ბეოვულფისკენ გაემართა, რომელიც თავს იმძინარებდა. როგორც კი გრენდელი თავისი ბასრი ბრჭყალებით მას ჩააფრინდა, ბეოვულფი გააფთრებით ეკვეთა მტერს. საშინელი ბრძოლა გაიმართა, ბეოვულფს თავისი მეომრებიც წამოეშველნენ. გრენდელი მიხვდა, რომ ძალა ეცლებოდა. ბრძოლაში მკლავი დაკარგა. ურჩხული დაჭრილი და ძალაგამოცლილი წალასლასდა ჭაობისკენ, რომ სიკვდილს საკუთარ ბუნაგში დალოდებოდა.
დანიელები სიხარულით ცას ეწივნენ. მეფემ უხვად დაასაჩუქრა ბეოვულფი და მისი მეომრები.
სიხარული ნაადრევი იყო. გრენდელის დედას შურისძიება სწყუროდა. დაღამებისთანავე გაეშურა იგი ჰეროთისკენ. მძინარე დანიელებს თავზე წამოადგა, ერთი მათგანი აიტაცა და ისევ ჭაობს მიაშურა, თან წაიღო გრენდელის ტორიც.
ისევ მოთქმა-ვაება გაიმართა ჰეროთში. ისევ შეპირდა ბეოვულფს დანიის მეფე აურაცხელ ოქროს ურჩხულის მოკვლის სანაცვლოდ. აბჯარასხმულნი გაუდგნენ გითები და დანიელები ჭაობის გზას. დაბურულ ტყესთან სისხლიან ტბას მიადგნენ. გველებით სავსე ტბას ცხელი ოხშივარი ასდიოდა. ბეოვულფი წყალში ჩაეშვა, როგორც კი ფსკერზე ფეხი დადგა, მაშინვე მოუწია გრენდელის დედასთან შებრძოლება. ბეოვულფის მოქნეულმა მახვილმა ურჩხულს კანიც კი ვერ გაუჭრა. მაშინ ხელჩართული ბრძოლა გაიმართა, გაუჭირდა ბეოვულფს. ორთაბრძოლამ საბრძოლო დარბაზში გადაინაცვლა. კედელზე საჭურველი ეკიდა და მათ შორის გოლიათთა მიერ გამოჭედილი მძლავრი მახვილი. ჩვეულებრივი ადამიანი მას ვერ დაძრავდა. ბეოვულფი სწვდა ამ ხმალს, მაღლა შემართა და ურჩხულს თავი მოჰკვეთა. მერე გრენდელს დაუწყო ძებნა. თავისსავე ბუნაგში მკვდარს მიაგნო, მასაც მოჰკვეთა თავი და ის მეფე ჰროთგარს წაუღო, ურჩხულების სამყოფელი მდიდრული განძით იყო სავსე, თუმცა ხელი არაფრისთვის უხლია.
სახელმოხვეჭილი და უხვად დასაჩუქრებული დაბრუნდა ბეოვულფი სამშობლოში.
გამოხდა ხანი და გითების მეფე ბეოვულფი გახდა. ორმოცდაათ წელს მართავდა იგი გითლანდს.
მის ქვეყანას ერთი საზარელი დრაკონი მოევლინა რისხვად, რომელსაც ძალიან დიდ ხანს უზარმაზარ კოშკში ეძინა. მასში შესვლა საიდუმლო ბილიკით იყო შესაძლებელი. ერთმა კაცმა შემთხვევით მიაგნო ბილიკს, მიჰყვა მას და აღმოჩნდა ძვირფასულობით სავსე კოშკში. სიხარბისგან დაბრმავრბულმა ძვისფასი თვლებით მოოჭვილ თასს დასტაცა ხელი და მოკურცხლა. დრაკონმა გამოიღვიძა და განრისხებული დაედევნა. ასე გამოვიდა იგი დღის სინათლეზე. მაგრამ ეს კაცი ქურდი არ იყო, საქურდავად მისული. ის ბატონს გაქცეული მონა იყო.
ის სიმდიდრე ერთ დინასტიას ეკუთვნოდა. სიკვდილმა ყველა სათითაოდ თავისთან წაიყვანა. ბოლოს ერთი დარჩა, რადგან იცოდა, რომ სიკვდილი მასაც მალე ეწვეოდა, ამიტომ სიმდიდრე ზღვის მახლობლად მდგარ კოშკში მიზიდა. ამ კაცის გარდაცვალების შემდეგ განძი უპატრონოდ დარჩა. მას ცეცხლოვანმა გველეშაპმა მიაგნო, ჩაწვა პატიოსან თვალთა შორის და დაიძინა. გავიდა ასეულობით წელი, ვიდრე მონა გააღვიძებდა.
გაქცეული მონა ისევ ბატონთან დაბრუნდა. მისი რისხვა რომ აერიდებინა, მოპარული თასი აჩუქა. რადგან ურჩხულმა მონა ვერ დაიჭირა, შურისძიებით აღივსო. როცა შეღამდებოდა, გარეთ გამოდიოდა, ყველაფერს წვავდა და ანადგურებდა. შეწუხდა ხალხი და ქვეყანა, შიშმა დაისადგურა. ბეოვულფმა გადაწყვიტა დრაკონს შებრძოლებოდა. იახლა თორმეტი მეომარი და კოშკის გზას გაუდგა. მეგზურობას მონა უწევდა. კოშკს რომ მიუახლოვდნენ, ბეოვულფი დაემშვიდობა თანამებრძოლებს და წინ მარტო გაემართა. შეებნენ ერთმანეთს მეფე და ურჩხული. ცეცხლისმფრქვეველმა დრაკონმა მისი ფარი დაადნო, ხმალიც გაუტყდა და ბეოვულფი სრულიად უიარაღოდ დარჩა. დაჭრილს სისხლი სდიოდა. მეომრები ხედავდნენ მეფის გასაჭირს, მაგრამ დახმარება ვერ გაბედეს. მხოლოდ ერთი მათგანი, მისი ბიძაშვილი ვიგლაფი გაემართა დასახმარებლად.
ბეოვულფი სისხლისგან იცლებოდა. მოიკრიბა ძალა, ხანჯალი იძრო და გველეშაპი შუაზე გაჰკვეთა. ძალა ელეოდა, ვიგლაფს სთხოვა, განძი მოენახა და მასთან მოეტანა. ბეოვულფმა თავისი ხალხის წინამძღოლობა ვიგლაფს ჩააბარა. დაუბარა ზღვის პირზე კოშკი აეგოთ და მისი ფერფლი იქ მოეთავსებინათ. ვიგლაფს გადასცა ოქროს ყელსაბამი, ბეჭდები, მუზარადი და ჯაჭვის პერანგი.
ვიგლაფმა გადაწყვიტა მეფის ნეშტთან ერთად დაეწვა მთელი განძეულობაც. როგორც ბეუვულფის სურვილი იყო, კოშკი ააგეს და ფერფლი იქ დაფლეს. თორმეტი უმამაცესი გითი ცხენზე ამხედრებული გასრს უვლიდა კოშკს და თან ბეოვულფის საგმირო საქმეებს ყვებოდა, ასე იგლოვდნენ გითები საყვარელ მეფეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბეოვულფის ხელნაწერი დაარქივებული 2010-09-18 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ფუტკრის მგელი არის მეტაფორა, რომლითაც დათვი აღინიშნებოდა.