ბელოთის ციხის ეკლესია

ბელოთის ციხის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ბელოთში, მდ. პატარა ლიახვის მარცხენა ნაპირზე. აგებულია ეკლესია აგებულია X საუკუნეში, სამრეკლო — 1885 წელს. ეკლესია ნაგებია ფლეთილი ქვით დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობაში გამოყენებულია სხვადასხვა ზომის შირიმის ქვა.

დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში მაღალი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აბსიდის ჩრდილოეთით თაღოვანი, ხოლო სამხრეთით სწორკუთხა ნიშებია. სატრიუმფო თაღი პილასტრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ აგურის ერთსაფეხურიანი სოლეაა.

გრძივი კედლები სამსაფეხურიანი პილასტრების საშუალებით სამ ნაწილად იყოფა. პილასტრების საფეხურებს კედლის თაღები და ნახევარცილინდრული კამარის საბრჯენი თაღები ეყრდნობა. ეკლესიის ინტერიერი შელესილია. დარბაზი ნათდება ოთხივე კედელში გაჭრილი თაღოვანი სარკმლებით. სამხრეთი შესასვლელი თაღოვანია, კარი ორმაგ ნაოთხალია. დასავლეთიდან გვიან გაჭრილი არქიტრავული შესასვლელია. სამხრეთიდან ეკლესიას ღია თაღოვანი კარიბჭე აქვს. კარიბჭის შეისრული თაღები ოთხკუთხედშია მოთავსებული.

1885 წელს კარიბჭეს დააშენეს მაღალი, ღია თაღოვანი სამრეკლო, რომელიც გადახურულია თუნუქით. სამრეკლო ნაგებია აგურით. ციხის კედლების სიმაღლე საშუალოდ 10 მეტრს აღწევს. კედლებზე სათოფურები ოთხ იარუსადაა გაჭრილი. სარბენი ბილიკები ხისა იყო. ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში გეგმით ტრაპეციის ფორმის კოშკია. კოშკის პირველი სართული დაყოფილია ოთხ ნაწილად, აქ ინახებოდა პროდუქტი და სხვადასხვა ინვენტარი. პირველ სართულში შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა, მეორე სართულისა კი ჩრდილო-დასავლეთის კუთხეშია მოწყობილი. კოშკის ერთადერთი სარკმელი დასავლეთ კედელშია გაჭრილი. დანარჩენ კედლებში რამდენიმე სათოფურია. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთი კოშკი ცილინდრულია. ამ კოშკში მოხვედრა შეიძლება მხოლოდ ეკლესიის სახურავის საშუალებით, ვინაიდან კოშკის კარი ამ დონეზეა გაჭრილი. კოშკის პირველი სართულის სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია, მეორე სართულზე შესასვლელის პირდაპირ ბუხარია. ჩრდილო- აღმოსავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით სარკმლებია. სარკმლების ორივე მხარეს სათოფურებია გაჭრილი. მესამე სართულის კედლებში ერთმაგი და ორმაგი სათოფურებია. ციხის ჩრდილო-დასავლეთი კოშკი სამსართულიანია. პირველ და მეორე სართულს, ეზოს მხრიდან ცალ-ცალკე, სწორკუთხა შესასვლელები აქვს. კოშკის პირველი და მესამე სართული გეგმით წრიულია, ხოლო მეორე სართული — კვადრატული. სართულშუა გადახურვები მოშლილია.

სამხრეთ-დასავლეთი კოშკის სამხრეთი ნაწილი ჩამონგრეულია. ჩანს ოთხი სართულის კვალი. ქვედა სამ სართულს ეზოს მხრიდან დამოუკიდებელი შესასვლელები აქვს. შესასვლელები სწორკუთხაა. მეორე სართული გეგმით კვადრატულია, ხოლო დანარჩენი სართულები — წრიულია. პირველი სართულის ჩრდილოეთ კედელში ორი დიდი სწორკუთხა ნიშაა, რომლებშიც გაჭრილია სათოფურები. მეორე სართულის კედლებში ორი პატარა ნიშა, ერთი სათოფური და ერთი სარკმელია. სათოფურები გაჭრილია აგრეთვე მესამე და მეოთხე სართულში.

ძეგლი ძლიერ არის დაზიანებული.

ლიტერატურა რედაქტირება

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 29-33
  • Акты исторические, собранные и изданные археологической комиссией т.1, Санкт-Петербург. 1841, стр. 247.
  • Гвритишвили Д. Из истории социальных отношений феодальной Грузии. Тбилиси, 1955, с.260.
  • Закарая П., Древные Крепости Грузии, Тб.,. в кн. "Крепостные сооружение Картли", Тб., "Мерани", 1969. 122.