ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბეგთარი — საბრძოლო აბჯრის ჯაჭვ-ფირფიტოვანი სახეობა, რომელიც წარმოადგენს მეტალის ფირფიტებით გაძლიერებულ ჯაჭვის პერანგს. ბეგთარი აზიური წარმომავლობის აბჯარია, რომელიც შემდეგ აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოში გავრცელდა. აქტიურად გამოიყენებოდა ისლამურ ქვეყნებში, ინდოეთში, ჩინეთში, კორეაში, იაპონიაში, ვიეტნამსა და მალაის არქიპელაგზე. სულხან-საბას მიხედვით, ბეგთარი „მორკინული საცმელია, საომარი“.[1]

ბეგთარი.
 
ბეგთრის უკანა მხარე

ჯაჭვ-ფირფიტოვანი აბჯრის ყველაზე ადრეული გამოსახულებები XIV საუკუნის 70-იანი წლების ჯალაირიანთა ირანიდან გვაქვს, თავად აბჯრის ნაშთები კი ნაპოვნია ოქროს ურდოს ტერიტორიაზე. კიდევ უფრო ადრინდელი შეიძლება იყოს ბარტიმში აღმოჩენილი ბეგთარის ტიპის აბჯარი, რომელიც XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება.[2]

ბეგთარი ევრაზიის აღმოსავლეთ ნაწილში თავდაცვითი საჭურველის განვითარების უმაღლეს საფეხურად ითვლება. მასში ფირფიტოვანი აბჯრის მაღალი დაცვითი თვისებები შეერთებულია ჯაჭვის სიმსუბუქესა და მოქნილობასთან. ამავე დროს, რკინის ფირფიტების ჩამატება აჩქარებდა აბჯრის დამზადებასაც, რადგან ჯაჭვის ქსოვა ყოველთვის ხანგრძლივი პროცესი იყო.[3]

აღმოსავლეთ ევროპული (პოლონური და რუსული) და აზიური ბეგთრები განსხვავდება იმით, რომ ევროპულებს არ აქვს სახელოები, ხოლო აზიურებს — კი. აზიური ბეგთრის სახელო ჯავშნის მსუბუქ ვარიანტში ჯაჭვის რგოლებისგან შედგებოდა, ხოლო უფრო მძიმე ვარიანტში ჯაჭვთან ერთად რკინის ფირფიტები სახელოზეც იყო დატანებული. ეს უკანასკნელი უფრო იშვიათობას წარმოადგენდა და ძირითადად პირველი ვარიანტი იყო გავრცელებული.

იაპონიაში ჯაჭვ-ფირფიტოვან აბჯარს „კარუტას“ უწოდებდნენ, ის მეტალის ან ტყავის ოთკუთხა ფირფიტებისა და მათი დამაკავშირებელი ჯაჭვის რგოლებისგან შედგებოდა.

ბეგთარი საქართველოში

რედაქტირება
 
ბეგთარის ფირფიტების დაკავშირების სხვადასხვა მეთოდი.

ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში დამოწმებული ბეგთარი შედგება ოთხი ფოლადის ნაჭრისაგან: საგულე — (წაგრძელებული მართკუთხა ფორმის), რომელსაც მარჯვნივ და მარცხნივ აქვს საფერდეები და საზურგე. ფოლადის ფირფიტები ერთმანეთთან დამაგრებულია წყვილ-წყვილი ტყავის თასმებით, საგულეზე ოთხივე კუთხეში ჩამაგრებულია თასმები, რომელნიც საფერდეებზე იკვრება ენიანი ბალთების საშუალებით, ხოლო საფერდეზე დამაგრებული თასმები საზურგეზე იკვრება ასევე ენიანი ბალთებით. ბეგთარის ჩაცმისას ტყავის ღვედებს (ქაფი) ბეჭებზეც გადაიკრავდნენ საგულედან საზურგეზე. ჩვენს დრომდე მოღწეული ასეთი ბეგთარები ძირითადად აღმოსავლური წარმომავლობისაა, რომლებიც აქტიურად გამოიყენებოდა ქართველ წარჩინებულთა საომარ აღკაზმულობაში. ბეგთარი ხშირად ჯაჭვის პერანგების ზემოდან კეთდებოდა, რაც პოეზიაშიც დასტურდება - „ჯაჭვი-ბეგთარი დევ-ქაჯთა მას დღესა დაიხევისა“(შაჰნ. I.1513-3). ქართული არქეოლოგიური მასალის მიხედვით ბექთარი ლითონის პატარა ფირფიტებით დაფარული, მორკინული, ტყავის ან მჭიდრო ქსოვილის ჯავშანია, ასეთი ტიპის ბეგთარი აქტიურად გამოიყენებოდა განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების ქართულ შეიარაღებაშიც, ეთნოგრაფიულ ყოფაში აღარ გვხვდება.[4]

  1. ბეგთარი (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა)
  2. მამუკა წურწუმია (2014). შუა საუკუნეების ქართული ლაშქარი (900-1700) ორგანიზაცია, ტაქტიკა, შეიარაღება, თბილისი, გვ.113.
  3. მამუკა წურწუმია (2014). შუა საუკუნეების ქართული ლაშქარი (900-1700) ორგანიზაცია, ტაქტიკა, შეიარაღება, თბილისი, გვ.113
  4. ბეგთარი (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბეგთარი“-დან