ბარდუბნის ეკლესია
ბარდუბნის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბანში.
ძეგლი სოფლის სასაფლაოზე მდებარეობს და XIX საუკუნის დიდ დარბაზულ ეკლესიას წარმოადგენს. იგი ნაშენია ქვიშა-ქვით, კირის დუღაბზე. კედლის პერანგი მოგებულია კარგად თლილი კვადრებითა. მკაცრადაა დაცული წყობის თარაზულობა. კამარა და კონქი ჩანგრეულია. კედლები დეფორმირებული და დახეთქილია. ეკლესია აღმართულია ორსაფეხურიან ცოკოლზე. ფასადები გაფორმებულია. დასავლეთი კარის თავზე სამკუთხა ჩარჩოში ჩასმულია რელიეფური ჯვარი. სამხრეთი კარის მაღლა ჯვრის, ხარისა და ფარშევანგის რელიეფური გამოსახულებებია. ამავე კარის თავზე ეკლესიის სამშენებლო მხედრული წარწერაა ქვაში ამოკაწრული. ეკლესიაში შესასვლელი სამივე კარი გარედან არქიტრავული, შიგნიდან კი თაღოვანია. გეგმით წაგრძელებული, სწორკუთხა დარბაზი აღმოსავლეთით ორსაფეხურიანი მხრებით გამოყოფილი ნახევარწრიული აბსიდით ბოლოვდება, რომლის ღერძზე გაჭრილია სამი თაღოვანი სარკმელი. საკურთხევლის კედლებში დატანილია თაღოვანი ნიშები. აბსიდს აქვს სოლეა. დარბაზის გრძივი კედლები გაყოფილია სამ თანაბარ ნაწილად ერთსაფეხურიანი პილასტრებით, რომელთა პროფილირებულ კაპიტელებზე გადაყვანილია თაღები. კამარა საბჯენი თაღებით იყო შემაგრებული, რომლებიც კრონშტეინებს ეყრდნობოდა. კამარა ამჟამად ჩანგრეულია, კრონშტეინები კი შემორჩა. ეკლესიის სარკმლები თაღოვანია. იატაკი ფიქალის ფილებითაა მოგებული. ძეგლი სარესტავრაციო სამუშაოებშია ჩასმული.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9215