ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
ისტორია
რედაქტირებასაქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს №146 დადგენილებით სსიპ-შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნა სსიპ-ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტი, რომელსაც საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 ოქტომბრის №180 დადგენილებით ეწოდა სსიპ-ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 10 სექტემბრის №628 განკარგულებით რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა პროფესორი ე.მესხია.
ქ. ბათუმში უმაღლესი სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების ისტორია სათავეს იღებს გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან. 1995 წლის 29 სექტემბერს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი დაარსდა. რამდენიმე წელიწადში ხელოვნების ინსტიტუტი იქცა წამყვან სახელოვნებო საგანმანათლებლო ცენტრად. ხელოვნების ინსტიტუტში 3 ფაკულტეტი და 9 კათედრა არსებობდა. 1996 წელს ხელოვნების ინსტიტუტთან გაიხსნა საბალეტო სტუდია ორი ასაკობრივი ჯგუფისათვის. 1999 წელს საბალეტო სტუდია გამოეყო ხელოვნების ინსტიტუტს საბალეტო სკოლა-სასწავლებლის სტატუსით. 1998 წელს ხელოვნების ინსტიტუტის მუსიკალურ დისციპლინათა ფაკულტეტის ბაზაზე გაიხსნა ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო, სახელოვნებო და ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის №137 დადგენილებით ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი და ბათუმის სახელმწიფო კონსერვატორია გაერთიანდა ახლადდაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ხელოვნების ფაკულტეტის სტატუსით.
ხელოვნების ინსტიტუტმა და კონსერვატორიამ (შემდგომში ხელოვნების ფაკულტეტმა) აღზარდეს ასეულობით პროფესიონალი ხელოვანი, რომლებიც ამჟამად წარმატებით მოღვაწეობენ როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ. ისინი დღემდე აქტიურ მონაწილობას ღებულობენ ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში.
სათავეში ედგნენ
რედაქტირება- 1995-1998 - ლევან მირცხულავა, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი, პროფესორი.
- 1998-1999 - ნოდარ ვარშანიძე, მ. აბაშიძისა და ტ. აბუსერიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი;
- 1999-2004 - გაიოზ ჟორდანია, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, კ. მარჯანიშვილის, ს. ახმეტელის, მ. აბა-შიძისა და ტ. აბუსერიძის პრემიების ლაურეატი, პროფესორი;
- 2004-2005 - თამაზ ბოლქვაძე, პროფესორი;
- 2005-2006 - ერმილე მესხია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
კონსერვატორიას
რედაქტირება- 1998-2004 - ნოდარ ფაღავა, პროფესორი;
- 2004-2006 - ქეთევან გოგოლაძე, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, პროფესორი.
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში არის ერთადერთი უმაღლესი სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ერთდროულად ახორციელებს სწავლებას ხელოვნების ოთხივე მიმართულებით: თეატრი, კინო, მუსიკა, სახვითი ხელოვნება. უნივერსიტეტში სწავლება ორსაფეხურიანია: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა. მოქმედებს დიპლომირებული სპეციალისტის რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა და პროფესიული სწავლების IV და V საფეხურის პროგრამები. საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ ქ. ბათუმში მოღვაწე ხელოვნების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მოწვეული პროფესორები. ისინი ეწევიან აქტიურ პედაგოგიურ, პროფესიულ-საშემსრულებლო და სამეცნიერო მოღვაწეობას.
ხელოვნების უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი მისია აკისრია რეგიონისა და ქვეყნის წინაშე - აღზარდოს სახელოვნებო დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც შემოქმედებით წვლილს შეიტანენ ეროვნული კულტურის, ტრადიციებისა და ფასეულობების განვითარებაში.