აჰმედ დური ეფენდი
აჰმედ დური ეფენდი (თურქ. Ahmed Dürri Efendi; გ. 1722) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოხელე და დიპლომატი.
1720 წელს ოსმალეთის მთავრობამ გაგზავნა იმ დროს კრიზისში მყოფ სეფიანთა ირანში სადაზვერვო-დიპლომატიური მისიით, რომლის მიზანი ფორმალურად ოსმალეთის გავლით ირანელი ვაჭრებისთვის ავსტრიაში სავაჭრო გზების გახსნის შეთანხმება იყო. 1721 წელს დური ეფენდი ოსმალეთში ირანელი ელჩის მორთაზყოლი-ხანის თანხლებით დაბრუნდა.
დური ეფენდიმ თავისი მოგზაურობა აღწერა „სეფარეთნამეში“ („ელჩობის წიგნი“), რომელშიც უარყოფითადაა დახასიათებული სეფიანთა კარის ცხოვრება. თხზულება მნიშვნელოვანი წყაროა XVIII საუკუნის I მეოთხედის ირან-ოსმალეთისა და საქართველოს ისტორიისთვის. მასში უხვადაა მოცემული ცნობები ამ პერიოდში ირანში მოღვაწე ქართველებზე, სეფიანთა ირანში ავღანელთა შემოსევებისა და მათ წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში ქართველთა მონაწილეობის შესახებ.
ლიტერატურა
რედაქტირება- შენგელია ნ., XV–XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები, თბ., 1974.
- შენგელია ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 512.
- Yazici, Tahsin, Dürri Efendi, Ahmed, Encyclopædia Iranica, Vol. VII, Fasc. 6, p. 598.