ახშადების ხატი — არქიტექტურული ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტში, ახალგორის მიდამოებში. აგებულია გარდამავალ ხანაში.

ახშადურის წმ. გიორგის ეკლესიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2,5 კმ-ში მდებარეობს სამონასტრო კომპლექსი "ახშადების ხატი", რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ წაგრძელებულ სწორკუთხა გეგმის მძლავრ გალავანშია მოთავსებული. მონასტრის კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს მაღალი ცალნავიანი დარბაზული ეკლესია გვიანი ხანის დასავლეთი მინაშენით. ეკლესია ფიქალის, რიყისა და შირიმის ქვითაა ნაგები. სავარაუდოა, რომ კარგად დამუშავებული შირიმის ქვები ძველი ეკლესიის ფრაგმენტებს წარმოადგენს. ქვის წყობა ფასადებზე უსისტემოა, მაგრამ ხატოვანი. შენობის გადახურვა მთლიანად ჩაქცეულია და ყრია ეკლესიის კედლებთან, თუმცა დასავლეთის კედლის ფრონტონის მოხაზულობიდან ჩანს, რომ სახურავი ნახევარწრიულ კამარას ეჭირა. კოლოფისებრი აბსიდი დარბაზისაგან იყოფა მხრებით. გადარჩენილია საკურთხევლის კონქი, რომელშიც შეიმჩნევა ფრესკის კვალი; ამჟამად მასში სიუჟეტის გარჩევა შეუძლებელია. ეკლესიის ინტერიერში გეგმას მთელ პერიმეტრზე შემოუყვება ხარისხი, რომელსაც დასავლეთიდან შემოსასვლელი კარი წყვეტს, ხოლო აღმოსავლეთიდან საკურთხევლის ცენტრში კედელთან მიდგმული ტრაპეზის ქვა. საკურთხეველში ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშაა. შედარებით მომცრო ნიშებია დარბაზის გრძივ კედლებში, პირდაპირ საკურთხევლის მხრებთან. ამ ნიშებს ზემოთ შერჩენილია კანკელის ბუდეები. ეკლესია განათებულია ოთხი სარკმლით: ორი მათგანი სამხრეთ კედელშია გაჭრილი, თითო კი დასავლეთით და აღმოსავლეთით. სარკმელთა ჭრილები იმდენად ვიწროა, რომ გარედან მათი აღქმა ძნელდება. გვიანი ხანის მინაშენს, რომელიც ეკლესიას დასავლეთიდან ეკვრის, შესასვლელი აქვს სამხრეთიდან, დასავლეთ კედელში კი გაჭრილია ერთი სარკმელი. მინაშენის გადახურვა მთლიანად ჩამონგრეულია. ეკლესიის გარშემო, გალავნის კედელთან შეიმჩნევა ნაგებობათა კვალი. ამჟამად, დანგრეული ნაგებობიდან აღსანიშნავია კარიბჭე, რომელიც გალავნის დასავლეთ კედელშია ჩართული. შემორჩენილი ნაწილის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის თაღოვანი უნდა ყოფილიყო. კარიბჭე მასიურია და სავარაუდოა, რომ მასზე სამრეკლო იდგა. გალავნის გარეთ ერთადერთი თაღოვანი ნაგებობაა, რომელიც თავის დროზე შელესილი ყოფილა. თაღი ჩამოქცეულია, მაგრამ შემორჩა მისი ერთი ქუსლი. ნაგებობის თავდაპირველი ფუნქციის დადგენა ძნელია. "ახშადების ხატის" სამონასტრო კომპლექსის მდგომარეობა მეტად მძიმეა. მისი ძირითადი ნაწილი დანგრეულია. ტერიტორია მთლიანად დაფარულია ნანგრევებითა და ხშირი მცენარეულობით, რაც ხელს უშლის ძეგლის საფუძვლიან აღწერას, აზომვას და ფოტოფიქსაციას.

ლიტერატურა რედაქტირება

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ. 19-21