ახალციხური თეთრიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში მესხეთიდან.

მესხური წარმოშობის ძლიან იშვიათი ჯიში. მისი ასწლიანი ძირები პირველად ახალციხეში სოფელ აწყურში აღმოაჩინეს და ამიტომაც ახალციხური თეთრი უწოდეს.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, ხუთი, იშვიათად სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ზომის აქვს, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის. საშუალო სიკუმსისაა. მარცვალი მსხვილია, მომრგვალო, ჩალისფერი, მზის მხარეს მოწითალო ელფერით. კანი ნაზი და მკვრივია, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, სასიამოვნო გემოთი.

ახალციხური თეთრი ძალიან ძლიერი ზრდისაა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევარში შედის. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 140-150 დღეა. მტევნის საშუალო წონა 140 გრამია, საჰექატრო მოსავლიანობა — 12.0-15.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-11 გ/ლ-ს.

მტევნები გამოირჩევა ლამაზი გარეგნობით და გამოიყენება სასუფრე ყურძნად, აგრეთვე მიიღება სუფრის თეთრი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 59