ახალციხის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია
ახალციხის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია — ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, მდებარე ახალციხეში მერაბ კოსტავას და ზაქარია დიდიმამიშვილის ქუჩების კვეთაზე. ეკლესიის მშენებლობა დასრულდა 2010 წელს.
ეკლესია ცენტრალურ-გუმბათოვანია, ნაგებია სუფთად გათლილი თეთრი ეკლარის ფილებით (გარე ზომებია: 17,1 X 10,5 მ.). ტაძრის გეგმას ჯვრისებრი მოხაზულობა აქვს, სადაც ჯვრის სამი მკლავი — აღმოსავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნახევარწრიული აფსიდებით მთავრდება. მეოთხე მკლავი — დასავლეთისა — სწორკუთხაა. აგებულია ტრიქონქი სამსიბრტყიანი ნაწილობრივ შვერილი აფსიდებით. გეგმაზე მკვეთრად გამოიყოფა ცენტრალური ნავი. საკურთხევლის აფსიდი დაგრძელებულია ბემით, საიდანაც სადიაკვნესა და სამკვეთლოშია შესასვლელები. მცირე სათავსოები დარბაზული ეკლესიის გეგმას იმეორებენ: დარბაზი და მასთან უშუალოდ დაკავშირებული აფსიდიანი აღმოსავლეთის ნაწილი, რომელიც აღმოსავლეთით გაჭრილი სარკმლით ნათდება. სამნაწილიანი საკურთხეველი დარბაზის სივრციდან გალესილი კანკელით გამოიყოფა. დარბაზში ყველაზე ნათელი ნავების გადაკვეთაზე მოწყობილი გუმბათქვეშა სივრცეა, რომლებიც გუმბათის ყელის 12 სარკმლით და აფსიდებში გაჭრილი სარკმლებით ნათდება. გუმბათის ყელში შიდა მხრიდან წრიულია, გარედან თორმეტწახნაგა. დასავლეთის მკლავი სწორკუთხაა. ტაძარში ორი შესასვლელია, ორივე დასავლეთის მკლავიდან, კარიბჭის გავლით დასავლეთიდან და სამხრეთიდან. დასავლეთის მკლავის ჩრდილოეთის მონაკვეთში ტაძრის სივრციდან ტიხრებით აფსიდიანი სანათლავია გამოყოფილი.
გარედან საგრძნობია ტაძრის აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძის დაგრძელება, რასაც დასავლეთიდან მიშენებული კარიბჭეც აძლიერებს. ფასადებზე შვერილი აფსიდები სამსიბრტყიანია, შუა ნაწილში ჩაწეული კედლის ნიშებით. სარკმლები თაღოვანია, გარედან გლუვი ლილვებით შემოსაზღვრული. მთელი ნაგებობის დომინანტი გუმბათის ყელია. აღმოსავლეთის ფასადზე საკურთხევლის მოცულობა შუა საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებაში შემუშავებული სამკუთხა ნიშებით არის აქცენტირებული. თითოეული ფასადის გამორჩეულ ადგილზე ქვაზე კვეთილი თითო ხატია განთავსებული. დასავლეთის თაღოვანი კარიბჭის ფრონტონში ორქანობიან ქვაზე ანგელოზთა მიერ ქრისტეს ამაღლების სცენაა დაქარაგმებული ასომთავრული წარწერით.
ტაძრის ფასადები და გუმბათის ყელი ლილვისა და წრეთარგისაგან შედგენილი გლუვი კარნიზებით სრულდება, ტაძარი თუნუქით არის გადახურული.
ტაძარს ქვისა და აგურის გალავანი უვლის, რომლის დასავლეთ ნაწილში ორიარუსიანი სამრეკლო-კარიბჭეა (გარე ზომებია: 4,4 X 6,7 მ.). სამრეკლოს ქვედა სართული სწორკუთხა მოცულობის თაღოვანი კარიბჭე-გასასვლელია, სამრეკლო წრიულ რვა სვეტზე აღმართული ფანჩატურია.
ლიტერატურა
რედაქტირება- გ. მარსაგიშვილი, „ახალციხის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია“ // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ. 2013, გვ. 460-461