ახალდაბის ღვთისმშობლის ეკლესია (ბორჯომი)
ახალდაბის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, აგებულია შუა საუკუნეებში.
ღვთისმშობლის ეკლესია მარტივი გეგმარების მქონე დარბაზული ტიპის ნაგებობა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული მოხაზულობის განიერი საკურთხეველია, ორივე მხარეს ღრმა ნიშებით. საკურთხევლის ცენტრში მცირე ზომის სარკმელია გაჭრილი. ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებშიც საკმაოდ დაბლა, სხვადასხვა დონეზე ბრტყლად გადახურული სარკმლებია მოცემული. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს დასავლეთით და ჩრდილოეთით. გარედან გადახურულია არქიტრავით, შიგნიდან კი რიყის ქვის სოლისებრად დაწყობილი ქვებისგან გამოყვანილი თაღით სრულდება. ანალოგიური გადაწყვეტა ჰქონდა ჩრდილოეთის შესასვლელსაც, იმ განსხვავებით, რომ ახლა გარედან არქიტრავის ქვა შეცვლილია ხის ძელით. ეკლესია აგებულია რიყის ქვით. ნაგებობა გარედან უხეშად არის შელესილი. მას ეტყობა გვიანდელი გადაწყობა-გადაკეთებებისა და რემონტის კვალი. შენობა ორფერდა სახურავით სრულდება. ირგვლივ თარო კარნიზი შემოუყვება. გადახურულია კრამიტით. გადაკეთების მიუხედავად ღვთისმშობლის ეკლესიას შენარჩუნებული აქვს ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ე.წ. გარდამავალი ხანის ადრეული ეტაპისთვის დამახასიათებელი ნიშნები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 24786