ახალგორის წმინდა გიორგის ეკლესია

ახალგორის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტში, ახალგორში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ძეგლი მდებარეობს ახალგორის აღმოსავლეთით 2,5–3 კმ. ნასოფლარ „ფიჭვნარის“ თავზე, ტყეში. ეკლესია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითაა ნაგები. წყობა ქვედა რიგებში ქაოსურია, ჭარბობს დიდი ზომის ქვა. ძეგლი წარმოადგენს მცირე ზომის ცალნავიან დარბაზულ ეკლესიას. აბსიდის მოხაზულობა ასიმეტრიულია და კოლოფისებრს უახლოვდება. აბსიდში ორი სიმეტრიული ნიშაა, ხოლო შუაში გაჭრილია სარკმელი. დარბაზი საკურთხევლისაგან გამოყოფილია მცირე მხრებით. სატრიუმფო თაღი შეისრული ფორმისაა. ჩრდილოეთის კედელში შეიმჩნევა კანკელის ჰორიზონტალური ძელის ბუდე. შესასვლელი სამხრეთიდან ყოფილა. ფასადებზე საპირე ქვები ნაწილობრივ ჩამოცვენილია. ეკლესია გარშემოვლებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ წაგრძელებული, ოვალური გეგმის გალავნით, რომელიც რიყის ლოდებითაა ნაგები. გალავნის დასავლეთ ნაწილში შეიმჩნევა სათავსების კვალი, რომელთა გეგმა ამჟამად არ იკითხება. ძეგლი დაზიანებულია. ჩრდილოეთის კედელი და კამარა ჩამოქცეულია, შემორჩენილია საკურთხევლის ნაწილი კონქითურთ, მორღვეულია აღმოსავლეთის სარკმლის საპირე ქვა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება