ახალგაზრდობის დღეები (ფილმი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ახალგაზრდობის დღეები (იაპონ. 学生ロマンス 若き日 Gakusei romance: Wakaki hi?, 1929)) — რეჟისორ იასუჯირო ოძუს მიერ გადაღებული 1929 წლის იაპონური კომედიური ფილმი. რეჟისორის შემოქმედებაში ახალგაზრდობის დღეები ყველაზე ძველ, შემორჩენილ ნამუშევარს წარმოადგენს.[1] ფილმში მოთხრობილია ორი სტუდენტი მეგობრის ისტორია (მთავარ როლებში იჩირო იუკი და ტაცუო საიტო), რომლებიც ერთი გოგონას (ჯუნკო მაცუი) მოხიბლვას ცდილობენ სამთო-სათხილამურო კურორტზე ყოფნისას.

„ახალგაზრდობის დღეები“
რეჟისორი იასუჯირო ოძუ
სცენარის ავტორი

აკირა ფუშიმი

იასუჯირო ოძუ
როლებში

იჩირო იუკი ტაცუო საიტო

ჯუნკო მაცუი
ოპერატორი ჰიდეო შიგეჰარა
პრემიერა 1929
ხანგრძლივობა 103 წუთი
ქვეყანა იაპონია
ენა იაპონური

ფილმის მოქმედება ტოკიოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში იწყება. კომედიური სიუჟეტი ორი სტუდენტის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს: ჭკვიანი, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე და წარმოსადეგი ვატანაბე და თავქარიანი იამამოტო მეგობრები არიან, მათ შორის მცირე უთანხმოება მოხდება მას შემდეგ, რაც ისინი ერთი და იგივე გოგონას - ჩიეკოს მოხიბლვას შეეცდებიან. სემესტრის მიწურულს, როდესაც ჯგუფელები სათხილამურო კურორტზე წასვლას დაგეგმავენ, ისინი კიდევ ერთხელ გადააწყდებიან ჩიეკოს. კურორტამდე მატარებლით მგზავრობისას სტუდენტები თავიანთ პროფესორს შეხვდებიან, რომელიც ამ დროს სწორედ მათი საგამოცდო ნაწერების გასწორებით არის დაკავებული, მისი სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე, სტუდენტები ხვდებიან, რომ საქმე არც თუ ისე კარგად უნდა იყოს და გადაწყვეტენ ყურადღება აღარ მიაქციონ ამ საკითხს. სათხილამურო ტრასაზე და კურორტზე ყოფნისას ვატანაბე და იამამოტო ჩიეკოს არაერთხელ შეხვდებიან, თუმცა, მოგვიანებით ისინი მიხვდებიან, რომ ჩიეკოს გულის მოსაგებად ბრძოლა უშედეგო იქნება, რადგან ის კურორტზე სათხილამურო კლუბის ხელმძღვანელთან - ჰატამოტოსთან ერთად არის ამოსული. მეგობრები ხელმოცარულები რჩებიან, გარდა ამისა, როგორც მოგვიანებით შეიტყობენ, ისინი გამოცდებსაც ვერ ჩააბარებენ. [2]

  • იჩირო იუკი - ბინ ვატანაბე (სტუდენტი)
  • ტაცუო საიტო, - შუიჩი იამამოტო Yamamoto (სტუდენტი)
  • ჯუნკო მაცუი, - ჩიეკო
  • ჩოკო იიდა, - ჩიეკოს დედა
  • ეიკო ტაკამაცუ, - ბინის მფლობელი
  • შოიჩი კოფუჯიტა - შოჯი (მისი ვაჟი)
  • იჩირო ოკუნი, - პროფესორი ანაიამა
  • ტაკეში საკამოტო, -პროფესორი
  • შინიჩი ჰიმორი, - ჰატამოტო (სტუდენტი)
  • ფუსაო იამადა, - კობაიაში (სტუდენტი)
  • ჩიშიუ რიუ - სტუდენტი

გადაღებები

რედაქტირება

ოძუს მერვე ფილმის გადაღებები 1929 წლის თებერვლის მიწურულიდან აპრილის დასაწყისამდე მიმდინარეობდა. სამუშაო სათაურს მოგონება წარმოადგენდა, თუმცა ფილმის საჯარო ჩვენებამდე რეჟისორისა და პროდუსერების გადაწყვეტილებით სათაური შეცვალეს და ახალგაზრდობის დღეები (Wakaki hi) უწოდეს. [3]

კომედიური ჟანრის ფილმების სცენარისტებს შორის, იმ დროისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურას წარმოადგენდა აკირა ფუშიმი, რომელიც ოძუსთან ხშირად მუშაობდა. ახალგაზრდობის დღეებისთვის ფუშიმიმ რამდენიმე სპეციფიკური იუმორისტული სცენა შექმნა. განსაკუთრებულად საინტერესო სცნებეი გვხვდება ფილმის მეორე ნაწილში, რომლის მოქმედებაც სინსიუს პროვინციის სამთო-სათხილამურო კურორტზე ვითარდება. თავად ოძუ სათხილამურო სპორტის დიდი მოყვარული იყო და თითქმის ყოველ ზამთარს მიდიოდა მსგავს კურორტებზე დასასვენებლად. ახალგაზრდობის დღეების გადაღებებისას, ოცდახუთი წლის რეჟისორი, რომელიც ფილმის გმირების თანატოლი იყო, მსახიობებთან ერთად ხშირად გართობის მიზნით თხილამურებით სრიალებდა და ხშირად ამ კუთხითაც იძლეოდა მითითებებს და მსახიობებს კონსულტაციებს უწევდა. სამსახიობო ანსამბლიდან, ქალის როლის შემსრულებელი ჯუნკო მაცუი ასევე კარგად ფლობდა სათხილამურო ოსტატობას, ხოლო მთავარი როლების შემსრულებელი მამაკაცები, განსაკუთრებით კი იჩირო იუკი, მსგავსად მისი პერსონაჟისა, ამ მხრივ სრუილად გამოუცდელი და ახალბედა იყო.[4]

სათხილამურო და ზოგადად, ზამთრის სპორტების თემატიკა 20-იანი წლების იაპონურ კინემატორაფში საკმაოდ პოპულარული იყო. სტუდია შოჩიკუს მთავარმა კონკურენტმა - სტუდია ნიკაცუმ რამდენიმე თვით ადრე გამოუშვა ფილმი ცელქები თხილამურებზე (რეჟისორი - მოკუდო შიგერუ), სადაც სტუდიის მესვეურებმა აშკარად გადაწყვიტეს კონკურენტებისთვის დაეცინათ და პერსონაჟებს სტუდია შოჩიკუს სცენარისტების სახელები დაარქვეს. ოძუმ და ფუშიმიმ გადაწყვიტეს შური ეძიათ და ანალოგიურად მოექცნენ კონკურენტებს. ამასთან, ოძუმ ისიც კი შეძლო, რომ ნიკაცუს სტუდიის სცენარისტების განყოფილების ხელმძღვანელის გვარი ფილმში დალაქის აბრაზე გამოფინა.[5]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Stuart Galbraith IV. Days of Youth DVD review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ოქტომბერი 2007. ციტირების თარიღი: 24 March 2008.
  2. Сергей Кудрявцев, «3500. Книга кинорецензий. В 2 томах», М.: — Печатный двор, 2008, ISBN 978-5-9901318-1-1, ISBN 978-5-9901318-3-5
  3. http://www.a2pcinema.com/ozu-san/films/daysofyouth.htm
  4. http://www.a2pcinema.com/ozu-san/films/daysofyouth.htm
  5. http://www.a2pcinema.com/ozu-san/films/daysofyouth.htm