კონგრესის ბიბლიოთეკა
კონგრესის ბიბლიოთეკა (ინგლ. Library of Congress) — აშშ-ის დე-ფაქტო ეროვნული ბიბლიოთეკა და აშშ-ის კონგრესის კვლევითი განყოფილება. განლაგებულია სამ შენობაში, ვაშინგტონში, და უდიდესი ბიბლიოთეკაა მსოფლიოში, როგორც თაროების სივრცის, ისე წიგნების რაოდენობის მიხედვით. ბიბლიოთეკის მეთაური ამჟამად ჯეიმზ ბილინგტონია.
კონგრესის ბიბლიოთეკა 1800 წელს დაარსდა და თითქმის მთელი XIX საუკუნის განმავლობაში აშშ-ის კაპიტოლიუმში იყო განთავსებული. 1812 წელს თითქმის მთელი საწყისი კოლექციის ხანძრის მიერ განადგურების შემდეგ, თომას ჯეფერსონმა ბიბლიოთეკას 1815 წელს წიგნების მთელი საკუთარი კოლექცია მიჰყიდა (6487 წიგნი). ამერიკის სამოქალაქო ომის შემდეგ კონგრესის ბიბლიოთეკამ მეტი მნიშვნელობა შეიძინა და ზრდა იწყო, რის გამოც მისთვის ცალკე შენობა აშენდა, სადაც ასევე გადავიდა ბიბლიოთეკის საავტორო უფლებების სადეპოზიტო ინფორმაცია. XX საუკუნეში სწრაფი ექსპანსიის პერიოდში ბიბლიოთეკა წამყვან საზოგადოებრივ როლს იძენს.
ბიბლიოთეკის მთავარი მისია კონგრესის წევრების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიებაა კონგრესის კვლევითი ცენტრის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ ის საზოგადოებისთვის ღიაა, წიგნების გატანა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსა და მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებს შეუძლიათ. აშშ-ის საავტორო უფლებების ოფისის მეშვეობით ბიბლიოთეკა აშშ-ში გამოცემული ყველა წიგნის, პამფლეტის, რუკის, ნაბეჭდის ან მუსიკის ასლს იღებს.