აღაიანის კოშკი – კოშკი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის ცენტრში, თარიღდება XVIII საუკუნით. კოშკი ხუთსართულიანია, ცილინდრული (დიამეტრი 9,7 მ), ზემოთკენ ოდნავ ვიწროვდება.

ნაგებია რიყის ქვით. კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია აგური. შენობა დაზიანებულია - ზემოთა ნაწილები ჩამონგრეულია. სწორკუთხა შესასვლელი პირველი სართულის სამხრეთ ნაწილშია. სართულშუა გადახურვა ხის ძელებზე ყოფილა გამართული. აღმოსავლეთ ნაწილში სარკმელია, რომლის ძირი შიგნიდან გარეთ მაღლდება. ამ სართულზე დასავლეთ და ჩრდილოეთ მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია თითო შეწყვილებული სათოფურით. მეორე სართული გადახურულია გუმბათოვანი კამარით, რომელიც ძირითადად აგურითაა ნაწყობი. კამარის აღმოსავლეთ ნაწილში მესამე სართულიდან დამაკავშირებელი მრგვალი ხვრელია (დიამეტრი 0,7 მ-მდე). სართულის ქვედა ნაწილში, ოთხ ფართო თაღოვან ნიშში თითო შეწყვილებული სათოფურია. სართულის აღმოსავლეთ ნაწილშიც ასეთივე ნიშია, რომელიც მოგვიანებით ამოუქოლიათ. კარი ჩრდილოეთ ნაწილშია. იგი შიგნიდან სწორკუთხაა, გარედან თაღოვანი და სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. კარის პირდაპირ ნახევარწრიული ბუხარია. გუმბათის ნახევარსფეროში საფეხუროვანი გადახურვით დასრულებული ორი სარკმელია. ორივე სარკმლის ძირი შიგნიდან გარეთ მაღლდება. მეორედან მესამე სართულზე ასასვლელი კიბე კედელშია დატანებული, შესასვლელთან ახლოს. კიბის უჯრედში ორი სათოფურია და ერთი სწორკუთხა სარკმელია. მესამე სართულის კედლებში ოთხი ფართო თაღოვანი ნიშია, რომელთა თაღები, კოშკის სხვა ნიშების თაღებისაგან განსხვავებით, რიყის ქვითაა ნაწყობი. ისინი შესაბამის წირთხლებს უშუალოდ კი არ ერწყმიან, არამედ რამდენადმე შეწეულია და თაღების ქუსლებთან ქმნიან პატარა საფეხურებს, რომლებსაც, როგორც ჩანს, ქარგილის გასამართად იყენებდნენ. ყოველ ნიშში თითო შეწყვილებული სათოფურია. კოშკის მესამე სართულის აღმოსავლეთ ნაწილში, სწორკუთხა შეღრმავებაში, ნახევარწრიული ბუხარია. ბუხრის პირდაპირ, ერთმანეთთან ახლოს, კიბის უჯრედებში გაჭრილია შესასვლელები, ხოლო მათ შორის, კედლის სისქეში, მოწყობილია საპირფარეშო (დანგრეულია). მეოთხე სართული ოდნავ შეისრული ღრმა თაღოვანი ნიშების სიმრავლით გამოირჩევა. სართულის ჩრდილოეთ ნაწილში პატარა ბუხარია, რომლის პირდაპირ ბაქანზე ასასვლელი კიბე იწყება. ბუხრის მომიჯნავე ნიშებში თითო ფართო სარკმელია, დანარჩენ ნიშებში - თითო სათოფური. სართულზე კიდევ ერთი სწორკუთხა სარკმელია, რომლის ძირი შიგნიდან გარეთ მაღლდება. კოშკის მეხუთე, ბანის სართული მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 0,4-0,5 მეტრს არ აღემატება. კოშკის ფასადზე მეორე სართულის შესასვლელის თავზე აგურის წყობით გამოსახულია შეღრმავებული ჯვარი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990 წ.