ატრიუმი
ტერმინს ატრიუმი (ლათ. atrium) რამდენიმე მნიშვნელობით იყენებენ:
- ძველ იტალიური და რომაული საცხოვრებელი სახლის ცენტრალური ნაწილი, რომლის ირგვლივ განლაგებულია სხვადასხვა დანიშნულების სადგომები. თავდაპირველად ატრიუმის შუაგულში კერა იყო მოთავსებული და მის თავზე სახურავს საკვამური ჰქონდა დატანებული. კვამლისაგან ატრიუმის ჭერი და კედლები იმურებოდა, ამიტომ დაერქვა ატრიუმი (ლათ. ater - შავი). შემდეგ კერა შეცვალა პატარა აუზმა (იმპლუვიუმი), რომელშიც სახურავის დიობიდან (კომპლუვიუმი) წვიმის წყალი ჩადიოდა. გვიანდელი რესპუბლიკის და იმპერიის ხანაში ატრიუმი რომაული საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი საზეიმო - მისაღებ დარბაზად იქცა.
- სვეტებით შემოსაზღვრული ღია ეზო გვიანდელ რომაულსა და ბიზანტიის არქიტექტურაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქსე, ტ. 2, გვ. 6, თბ., 1977