ატენის ღვთისმშობლის მცირეგუმბათიანი ეკლესიის წარწერა
ატენის ღვთისმშობლის მცირეგუმბათიანი ეკლესიის წარწერა — ძველი ქართული წარწერა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ატენის ღვთისმშობლის ეკლესიაზე, დაახლოებით, X საუკუნის II ნახევრისა. წარწერა, რომელიც კარგადაა შენახული, 1940 წელს იპოვა ლ. რჩეულიშვილმა. წარწერიდან ირკვევა, რომ ღვთისმშობლის ეკლესია რატი ერისთავს აუშენებია.
წარწერა
რედაქტირებაწარწერა თორმეტ სტრიქონიანია:
- ქ~ე ადიდე ორსა
- ვე ცხოვრებასა
- აქა ჴორციელებ
- რ და წ~ე შ~ნსა სოლ
- იებრ რატ ერისთ
- ავი ძე იგი ლპ~რტ
- ერისთვისაი რ~ლნ
- აღაშენა ესე სახ–
- ლი ღ~თისაი და ბჭეი
- ცათაი წ~ი ეკლესი
- აი სალოცველად
- სულისა მათისა
ანუ:
- ქრისტე, ადიდე ორსა–
- ვე ცხოვრებასა –
- აქა ჴორციელებ–
- რ და წ~ე შ~ნსა სულ–
- იე(რე)ბრ რატ ერისთ–
- ავი, ძე იგი ლიპარიტ
- ერისთვისაი, რომელმან
- აღაშენა ესე სახ–
- ლი ღმრთისაი და ბჭეი
- ცათაი – წმიდაი ეკლესი–
- აი სალოცველად
- სულისა მათისა
დახასიათება
რედაქტირებაწარწერაში გვხვდება აი, ეი გრაფემათმიმდევრობანი, რომლებიც გამოხატავენ /აი/, /ეი/ ხმოვანთკომპლექსებს (ერისთვისაი, ღმრთისაი, ბჭეი, ცათაი, ეკლესიაი). ეს მოვლენა ასახავს დამავალ დიფთონგთა ადგილას ორი სრული ხმოვნის ჩამოყალიბებას, რაც მოხდა ქართული ენის გავრცელების გარკვეულ არეალში.
ენობრივი თვალსაზრისით საყურადღებოა აგრეთვე: სალოცველად სულისა მათისა. ამ შემთხვევაში დამწერმა გამოიყენა პატივისცემის მრავლობითი. ეს სტილისტური ხერხი X საუკუნიდან გვხვდება ქართულ წერილობით ძეგლებში.
დათარიღება
რედაქტირებაწარწერაში მოხსენიებულია კლდეკარის ერისთავი რატი, ლიპარიტის ძე, რომელსაც კლდეკარი (და შესაძლოა, ატენიც) ჩამოართვა ბაგრატ III-მ. ამ ისტორიულ ცნობაზე დაყრდნობით, ნ. შოშიაშვილი წარწერას 982–989 წლებით ათარიღებს, რაც არსებითად ეთანხმება ლ. რჩეულიშვილისეულ დათარიღებას – X საუკუნის II ნახევარი. წარწერიდან ირკვევა, რომ ღვთისმშობლის ეკლესია რატი ერისთავს აუშენებია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნ. შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, I, თბ., 1980, გვ. 202–203
- ლ. რჩეულიშვილი, ატენის მცირე გუმბათიანი ეკლესია, „ქართული ხელოვნება“, I, თბ., 1942 გვ. 33–37
- კორნელი დანელია, ზურაბ სარჯველაძე. ქართული პალეოგრაფია. თბ., 1997, გვ. 42–43