არტავაზდ III
არტავაზდ III (დ. ძვ. წ. 20 — გ. 6[1]) — ირანელი უფლისწული, რომელიც იყო ატროპატენის მეფე[2]. გარდა ამისა, 4-6 წლებში იყო რომის ვასალი სომხეთის მეფე[3]. მამის, მეფე არიობარზან II-ის მსგავსად, მოკლეს ამბოხებულებმა.
არტავაზდ III | |
---|---|
სომხეთის მეფე | |
მმართ. წლები: | 4-6 |
წინამორბედი: | არიობარზან II |
მემკვიდრე: | ტიგრან V და ერატო |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ძვ. წ. 20 |
გარდ. თარიღი: | ჩვ. წ. 6 |
მამა: | არიობარზან II |
რელიგია: | მაზდეანობა |
ოჯახი და ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაარტავაზდი იყო ატროპატენისა და სომხეთის მეფე არიობარზან II-ისა[4] და მისი უცნობი სახელის მქონე მეუღლის ვაჟი. მას ერთადერთი უმცროსი ძმა ჰყავდა, სახელად გაიუს იულიუს არიობარზანი. არტავაზდს სახელი პაპის, ატროპატენისა და სოფენეს მეფე არტავაზდ I-ის პატივსაცემად დაარქვეს[5]. თავად არტავაზდი დაიბადა და გაიზარდა ატროპატენის სამეფოში.
ატროპატენისა და სომხეთის მეფე
რედაქტირებაჩვ. წ. 2 წელს, მას შემდეგ, რაც სომხეთში დაემხო ტიგრან IV-ისა და დედოფალ ერატოს მმართველობა, რომის იმპერატორმა ოქტავიანე ავგუსტუსმა სომხეთში, როგორც თავის ვასალ სახელმწიფოში ატროპატენის მეფე არიობარზან II გაამეფა. სომხები ერთობ მტრულად შეხვდნენ უცხოელის ტახტზე დასმას, რის გამოც გამეფებიდან ორ წელში, 4 წელს ამბოხებულებმა მოკლეს მეფე არიობარზანი[6]. ამის შემდეგ ტახტი მისმა ძემ, არტავაზდ III-მ დაიკავა, რომელიც მამის მსგავსად სომხეთისა და ატროპატენის მეფე იყო. მან მმართველობა მამის მიერ დედაქალაქად გამოცხადებულ არტაგირში დაიწყო[7]. ვინაიდან იგი ორი ქვეყნის მეფე იყო, ხშირად მისი მეფური ნუმერაცია სადავოა. ატროპატენში იგი არტავაზდ II იყო, ხოლო სომხეთში არტავაზდ III.
არტავაზდის მეფობა ერთობ ხანმოკლე აღმოჩნდა. მამის მსგავსად, არტავაზდიც ერთობ არაპოპულარული იყო სომხეთში მისი უცხოური ფესვების გამო. ამ მხრივ მისი ისტორია ძალიან ჰგავს მამამისისას, რამეთუ გამეფებიდან ზუსტად ორ წელში, ჩვ. წ. 6 წელს არტავაზდ III ამბოხებულმა სომხებმა მოკლეს. იქიდან გამომდინარე, რომ მას არც ცოლი ჰყოლია და, შესაბამისად, არც კანონიერი მემკვიდრე, ორივე სამეფოს ტახტი ცარიელი დარჩა.
ატროპატენის სამეფო ტახტი მისმა ბიძაშვილმა არტაბანემ დაიკავა, ხოლო სომხეთის ტახტზე იმპერატორმა ავგუსტუსმა იუდეველი პრინცი ტიგრან V დასვა და თანამმართველის პოზიციაზე აღადგინა ტიგრან IV-ის ცოლი და და, დედოფალი ერატო[8].
მონეტები
რედაქტირებაარტავაზდის ერთობ ხანმოკლე მეფობის ხანიდან დღემდეა შემორჩენილი მისი გამოსახულების მქონე მონეტები. თანამედროვე დათარიღების მიხედვით, ეს მონეტები 2-დან 10-წლამდე უნდა იყოს მოჭრილი, რაც ემთხვევა მის მეფობას და იძლევა იმის საშუალებას, რომ ითქვას, მათზე დანამდვილებით არტავაზდია გამოსახული. მონეტების ავერსულ მხარეზე იმპერატორ ავგუსტუსის თავია წარმოდგენილი, რომლის გარშემოც ბერძნულად წერია: „კეისარი, ღმერთი, ქველმოქმედი“. მონეტის რევერსულ მხარეს უკვე გამოსახულია თავად მეფე არტავაზდის თავიც, გარშემო ასევე ბერძნულად გაკეთებული წარწერით, რომელიც ითარგმნება, როგორც: „დიდი მეფე არტავაზდი“.
მეფე არტავაზდი ასევე მოხსენიებულია Res Gestae Divi Augusti-ის 27-ე და 33-ე პარაგრაფებში. რომში ასევე აღმოჩენილია ორი ეპიტაფია არტავაზდის სახელობისა, რომელიც მას მედია ატროპატენის მეფის ვაჟად და შვილიშვილად იხსენიებს, ამიტომაც უცნობია, კონკრეტულად არტავაზდ III-ზეა საუბარი, თუ მის პაპაზე, არტავაზდ I-ზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- H. Temporini & W. Haase, Aufstieg und Niedergang der römischen Welt: Geschichte und Kultur Roms im spiegel der neueren Forschung, Walter de Gruyter
- P.M. Swan, The Augustan Succession: An Historical Commentary on Cassius Dio's Roman History, Books 55–56 (9 B.C.–A.D. 14) (Google eBook), Oxford University Press, 2004
- M. Bunsen, Encyclopedia of the Roman Empire, Infobase Printing, 2009
- Edited by Timothy Venning, A Chronology of the Roman Empire, Continuum International Publishing Group, 2011
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Ptolemaic Genealogy: Affiliated Lines, Descendant Lines". Archived from the original on Jul 16, 2011. Retrieved Feb 13, 2019.
- ↑ "AZERBAIJAN iii. Pre-Islamic History – Encyclopaedia Iranica". www.iranicaonline.org. Retrieved Feb 13, 2019.
- ↑ Swan, The Augustan Succession: An Historical Commentary on Cassius Dio’s Roman History, Books 55–56 (9 B.C.–A.D. 14), pp. 114–115
- ↑ Swan, The Augustan Succession: An Historical Commentary on Cassius Dio’s Roman History, Books 55–56 (9 B.C.–A.D. 14), p.p. 114–115
- ↑ Swan, The Augustan Succession: An Historical Commentary on Cassius Dio’s Roman History, Books 55–56 (9 B.C.–A.D. 14), p. 114
- ↑ A Chronology of the Roman Empire, p. 365
- ↑ Bunson, Encyclopedia of the Roman Empire, pp. 36, 47
- ↑ Temporini, Aufstieg und Niedergang der römischen Welt: Geschichte und Kultur Roms im spiegel der neueren Forschung, p. 1164