არკადი სხირტლაძე
არკადი სხირტლაძე (პოლ. Arkadiusz Schirtładze, დ. 1902 წლის 26 იანვარს - გ. 1940 წელს) — დამოუკიდებელი საქართველოს არმიის ყოფილი იუნკერი, პოლონეთის არმიის საკონტრაქტო ოფიცერი, კაპიტანი.
დაიბადა გორში, საქართველო, სპირიდონ და მარიამ სხირტლაძეების ოჯახში.
ბოლშევიკურ რუსეთთან წარმოებული ხანმოკლე ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) ოკუპაციის შემდეგ სხვა ქართველ იუნკრებთან და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო. პოლონეთში ის ბიდგოშჩის სამხედრო სკოლაში ჩაირიცხა და შემდეგ კონტრაქტით მსახურობდა პოლონეთის არმიაში.
ჰყავდა პოლონელი მეუღლე, იანინა კიჩინსკა-სხირტლაძე და ორი ქალიშვილი. 1937 წელს ოჯახი ლვოვიდან დებლინში გადავიდა საცხოვრებლად. 1937-1939 წლებში არკადი სხირტლაძე მფრინავ-ინსტრუქტორად მუშაობდა დებლინის საავიაციო სკოლაში „არწივის მართვეები“.
მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ კაპიტანი სხირტლაძე ჩაერთო 1939 წლის სექტემბრის კამპანიაში. პირველ დღეებში დებლინის აეროპორტზე გერმანელთა მიერ განხორციელებული საჰაერო შეტევის დროს კაპიტანი სხირტლაძე დაიჭრა. ის ჯერ ვარშავაში, შემდეგ კი აღმოსავლეთით გადაიყვანეს, რათა ფრონტის წინა ხაზისთვის გაერიდებინათ. 1939 წლის 17 სექტემბერს პოლონეთს აღმოსავლეთიდან უკვე საბჭოთა კავშირი დაესხა თავს და გერმანელთა ფრონტს გარიდებული დაჭრილი კაპიტანი სხირტლაძე ბრესტის მისადგომებთან წითელარმიელებს ჩაუვარდა ტყვედ. თითქმის ერთწლიანი ტყვეობის შემდეგ პოლონეთის არმიის ქართველი მფრინავი არკადი სხირტლაძე სტარობელსკის, ოსტაშკოვისა და კოჟელსკის ტყვე ოცი ათასზე მეტ პოლონელ სამხედრო ტყვესთან ერთად სტალინის პირადი ბრძანებით დახვრიტეს კატინში 1940 წლის გაზაფხულზე. კაპიტან სხირტლაძესთან ერთად კატინის ტყეში დახვრიტეს აგრეთვე პოლონეთის არმიის კიდევ რამდენიმე ქართველი ოფიცერი, მათ შორის, მაიორი გიორგი მამალაძე და კაპიტანი მიხეილ რუსიაშვილი. კატინში დახვრეტილებს ტყვია უკნიდან, კეფაში ჰქონდათ მოხვედრილი.
კაპიტან სხირტლაძის უფროსი ქალიშვილი ირინა სხირტლაძე გმირულად დაიღუპა 1944 წლის ვარშავის აჯანყების დროს.[1][2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2012-10-27.
- ↑ ქეთი ტოროტაძე, კატინის ტყეში დახვრეტილი ქართველი ოფიცრები და ვარშავის აჯანყების გმირი ქართველი გოგონა, ჟურნალი „ისტორიანი“, N2, 2012