არგენტორატეს ბრძოლა
არგენტორატეს ბრძოლა — ბრძოლა რომაელების, ფლავიუს კლავდიუს იულიანეს მეთაურობით და ალემანებს შორის, რომელთაც კნოდომარი სარდლობდა. ბრძოლა ახ.წ 357 წლის აგვისტოში გაიმართა. არგენტორატეს ბრძოლით გადაწყდა რომაულ-გერმანული ომის ბედი, რომელიც ახ.წ 356-360 წლებში მიმდინარეობდა.
რომაელთა არმია 13000 მეომარს შეადგენდა, ხოლო ალემანების 35000-ს. გერმანელი ბარბაროსების ასეთი რაოდენობა მთელი IV საუკუნის განმავლობაში არ შეკრებილა ერთად. ორივე მოწინააღმდეგე მხარე არგენტორატესთან ( დღევანდელი სტრასბურგი ) განლაგდა ერთმანეთის პირისპირ. იულიანე ნიჭიერი და მამაცი სარდალი იყო. მან თავის ჯარში განამტკიცა დისციპლინა და მოახერხა მეომართა პატივისცემის და მხარდაჭერის მოპოვება. ლეგიონერებს ძალიან უყვარდათ თავიანთი მეთაური და მისთვის სიცოცხლესაც კი გაწირავდნენ.
ბრძოლა რომაელებმა დაიწყეს. მათმა ქვეითმა ჯარმა შეტევა წამოიწყო ალემანებზე მთელი ფრონტის გასწვრივ. შემდეგ რომის და ალემანთა კავალერია დაუპირისპირდა ერთმანეთს. ალემანთა კავალერიის ერთმა ნაწილმა მოახერხა ფლანგური შეტევით რომაელთა ერთი საბრძოლო ხაზის გარღვევა. ალემანმა ქვეითებმა წამოიწყეს შეტევა რომაელთა ცენტრის წინააღმდეგ, თუმცა რომაელები ნელ-ნელა დაეუფლნენ უპირატესობას ბრძოლის ყველა უბანზე და მტერს უკან დაახევინეს. ალემანები გაიქცნენ და ბრძოლის ველზე უამრავი დაჭრილ-დახოცილი დატოვეს. მათ დაახლოებით 12000 მეომარი დაკარგეს, 200 ალემანი კი რომაელებმა შეიპყრეს. იულიანეს დანაკარგი არ იყო დიდი. სულ 243 მეომარი და 4 სამხედრო ტრიბუნი დაიღუპა, ხოლო 1000-მდე ჯარისკაცი დაიჭრა. რომაელებს ტყვედ ჩაუვარდათ ალემანთა მეთაური, კნოდომარი. ამ დიდი გამარჯვებით რომაელებმა გაიმარჯვეს ალემანებთან ომში და საკმაოდ დიდი ხნით შეაჩერეს მათი წინსვლა რომის ტერიტორიებზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბრძოლის რუკა დაარქივებული 2013-05-02 საიტზე Wayback Machine.