ანჟამბემანი
ანჟამბემანი (ფრანგ. enjambement - გადატანა) ანუ გადატანა, პოეტური გამოსახვის ხერხი. წინადადების ნაწილის გადატანა ტაეპიდან ტაეპში გამოწვეულია იმით, რომ ლექსის ინტონაციურ-ფრაზობრივი და მისი მეტრული დაყოფა არ ემთხვევა ერთმანეთს. ანჟამბემანი ხელს უწყობს ცალკეული სიტყვების გამოკვეთას, აძლიერებს მეტყველების ექსპრესიულობას, ლექსში შეაქვს სასაუბრო ინტონაცია.
ტაეპური ანჟამბემანი
რედაქტირებატაეპური ანჟამბემანი სხვადასხვა ხასიათისაა:
ა) ფრაზა ავსებს პირველ ტაეპს და მთავრდება მეორის დასაწყისში:
შორეული ქალის ეშხი
მოვა...მაგრამ როდის? (გ. ტაბიძე)
ბ) ფრაზა იწყება ტაეპის ბოლოს და ავსებს მეორე ტაეპს:
ბაღში გავედი... იქაც ბილიკზე
ფენილი იყო ფოთოლი რბილი. (გ. ტაბიძე)
გ) ფრაზა იწყება პირველი ტაეპის ბოლოს და მთავრდება მეორე ტაეპის დასაწყისში:
მივედი სახლში. ქორწილი
გაჩაღებულა, მღერიან. (ვაჟა-ფშაველა)
დ) იშვიათია ისეთი ანჟამბემანი,როდესაც ტაეპიდან ტაეპში გადატანილია სიტყვის ნაწილი (დამარცვლის წესით):
არაფერი! სტყუი! მაშ და-
ლალის ბეწვ-ბუსუსი...
გვერდზე რისთვის ათამაშდა?!
ჰოდა, სუ! სუ! სი-
ტყვა
არ თქვა. (ი. გრიშაშვილი)
სტროფული ანჟამბემანი
რედაქტირებასტროფული ანჟამბემანი სხვადასხვა ხასიათისაა:
ა) მთელი სტროფის აზრობრივ-ფრაზეოლოგიური კომპოზიცია სრულდება მომდევნო სტროფის პირველ ტაეპში:
შავს ენას და შავსა გულს
აფარებენ თეთრ კბილებს
არა! გიჯობს რომ მიჰყვე
შენ იმ მამულიშვილებს.
შენ იმ მამულიშვილებს,
ქვეყნისთვის რომ ყოველდღე
ოფლში იწურებიან
და, ვით ბნელში ვარსკვლავი
ისე ჩუმად ჰქრებიან!.. (ა. წერეთელი)
ბ) მთელი სტროფი აგებულია ანჟამბემანის პრინციპზე:
ძარღვებს თანდათან
ეს უცნაური
წეწდა, არღვევდა
აურზაური.
ზღვა ხმაურობდა. (გ. ტაბიძე)