ანნა ბესტიქართული წითელყურძნიანი სელექციური საღვინე ვაზის ჯიში.

მიღებულია სელექციონერ ვასილ ბესტავაშვილის მიერ 1950 წელს საფერავისა და განჯურის შეჯვარებით.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მცირედ წაგრძელებული, ხშირად ასიმეტრიულიც. ფოთლის ქვედა მხარე საკმაოდ თხლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი კონუსური ფორმისაა, ხშირად ფრთიანი, საშუალო სიკუმსის ან კუმსი. მარცვალი საშუალოზე დიდი ზომისაა, ოვალური, მუქი-ლურჯი იისფერში გარდამავალი, დაფარულია თხელი ცვილისებრი ფიფქით. კანი თხელია და ადვილად სცილდება რბილობს. რბილობი საშუალო სიმკვრივის და წვნიანია. წვენი ტკბილია, სასიამოვნო გემოთი.

ანნა ბესტი სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში შედის. საჰექტარო მოსავლიანობა საშუალოდ 26 ტონაა.

ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.1 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი, მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო ალუბლისფერია, მაღალალკოჰოლიანი, საშუალო სხეულით, გამჭვირვალე, სასიამოვნო გემოთი და ჯიშური არომატით. რთველის ადრე ჩატარების პირობებში შესაძლებელია ცქრიალა ღვინის დამზადება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 542