ანა ანდრონიკაშვილი
ანა (ანეტა) ანდრონიკაშვილი (დ. 1891 — გ. 30 მარტი, 1916)[1] — ქართველი მოწყალების და. მუშაობდა და დაიღუპა მცურავ ჰოსპიტალ „პორტუგალზე“, რომელიც 1916 წლის 30 მარტს (ძვ. სტ. 17 მარტს) გერმანულმა წყალქვეშა ნავმა ჩაძირა ქალაქ რიზესთან. ანა (ანეტა) ანდრონიკაშვილმა თავისი მაშველი რგოლი სხვას დაუთმო[2].
ანა ანდრონიკაშვილი დაიბადა 1891 წელს სოლომონ ანდრონიკაშვილისა და ნადეჟდა ერისთავის ოჯახში[1]. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე შევიდა მოწყალების დების კურსებზე და წმინდა ნინოს ლაზარეთში დაიწყო მუშაობა[3]. თავისი სურვილით წავიდა პირველ მსოფლიო ომში მოწყალების დად და მუშაობდა მცურავ ჰოსპიტალ „პორტუგალზე“.
1916 წლის 30 მარტს (ძველი სტილით — 17 მარტს) „პორტუგალს“ ბუქსირით მოჰყავდა რამდენიმე ბრტყელძირიანი ნავი, რათა სანაპიროდან დაჭრილები აეყვანა ხომალდზე. ქალაქ რიზესთან, შავი ზღვის თურქეთის სანაპიროსთან, ხომალდი შეჩერდა იმ დროისთვის „პორტუგალზე“ არ იყვნენ დაჭრილები, მაგრამ იყვნენ წითელი ჯვრის ექიმები და მედდები და გემის მომსახურე პერსონალი. ხომალდის ეკიპაჟი ხედავდა, რომ გემს პერისკოპი მიუახლოვდა, მაგრამ „პორტუგალი“ მცურავი ჰოსპიტალი იყო იცავდა ჰააგის კონვენცია, ამიტომ არავითარი თავდაცვითი ზომები არ მიუღიათ. გერმანულმა წყალქვეშა ნავმა გაუფრთხილებლად გაუშვა ტორპედო, რომელიც სამანქანო განყოფილების მახლობლად მოხვდა ხომალდს და ორ ნაწილად გახლიჩა. გემი ჩაიძირა. ანეტას უკანასკნელ წუთებს ასე აღწერს თვითმხილველი:
„ტალღებმა რამდენჯერმე გადაუარეს გემს, ყველანი სასოწარკვეთილნი დარბოდნენ, ეს დიდი ხომალდი ფსკერისკენ წავიდა. ანეტამ თავისი მაშველი რგოლი უცნობ ბავშვიან ქალს მისცა...[2]“
|
1916 წელს გაზეთი „სახალხო ფურცელი“ წერდა:
„დღეს, 27 მარტს, ქაშვეთის ეკლესიაში გადახდილი იქნება პანაშვიდი გემ „პორტუგალზე“ დაღუპულ ანეტა ანდრონიკაშვილის სულის მოსახსენიებლად, რასაც გულითადის მწუხარებით იუწყებიან ნათესავები და ნაცნობები, ბებია, დედა, ძმები განსვენებულისა.[2]“
|
ანეტას სხეული დიდხანს ვერ იპოვეს, 20 დღის შემდეგ კი ზღვამ გამორიყა საბერძნეთის სანაპიროზე. ბერძენ ბერებს უპოვიათ, წესი აუგიათ და დაუკრძალავთ. ის 24 წლის იყო[2].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ანა ანდრონიკაშვილის მცირე ბიოგრაფიული მონაცემები
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 ჯელაძე, ლალი (12 მარტი, 2015). „სევდიანი ანეტას გმირული ისტორია“. ახალი განათლება. თბილისი: axaliganatleba.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-07. ციტირების თარიღი: 5 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ ანა (ანეტა) ანდრონიკაშვილის ფოტო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა