ანარქა-ფემინიზმი

(გადამისამართდა გვერდიდან ანარქო-ფემინიზმი)

ანარქა-ფემინიზმი (იგივე ანარქისტული ფემინიზმი, ანარქო-ფემინიზმი) აერთიანებს ანარქისტულ და ფემინისტურ იდეებს და პატრიარქატს იერარქიის ერთ-ერთ გამოვლინებად აღიქვამს. ანარქიზმის ეს მიმდინარეობა გაჩნდა ე.წ. „ფემინიზმის მეორე ტალღის“ დროს. ანარქა-ფემინიზმის მიხედვით, პატრიარქატი კაცობრიობის ისტორიაში იერარქიის ერთ-ერთი პირველი გამოვლინებაა, ჩაგვრის პირველი ფორმა – მამაკაცთა მიერ ქალების ჩაგვრა იყო. ანარქო-ფემინისტებს მიაჩნიათ, რომ პატრიარქატთან ბრძოლა კლასობრივი და სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის არსებითი ნაწილია. ბევრი ფემინისტი იზიარებდა ანარქისტულ იდეებს, რამდენადაც ანარქია უარყოფს ძალაუფლების ყოველგვარ გამოვლინებას და ადამიანთა ერთი ჯგუფის მიერ მეორეს ჩაგვრას. ანარქო-ფემინისტთა აზრით, თუ დღევანდელი ცივილიზაციის მახასიათებლებს – აგრესიას, ექსპლუატაციას, იერარქიას და ა.შ. მამაკაცურ საწყისებს მივაწერთ, ხოლო ურთიერთდახმარებას, კოოპერაციას და თანასწორობას – ქალურს, გამოვა, რომ ანარქია გარკვეულწილად ფემინისტური ფილოსოფიაც არის.

დროშა, რომელსაც ხშირად ანარქო-ფემინიზმის განსასახიერებლად გამოიყენებენ
ანარქო-ფემინიზმის სიმბოლო

ანარქა-ფემინიზმის განვითარება XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწე თეორეტიკოსებს და აქტივისტებს – ემა გოლდმანს, ლუიზე მიშელს, ვოლტირინა დე კლერს, ლუსი პარსონსს და სხვებს უკავშირდებათ, თუმცა, პროტო-ანარქისტული იდეები ასევე ჟღერდა ე.წ. „ფემინიზმის პირველი ტალღის“ დროსაც. ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს არსებობდა ჯგუფი Mujeres Libres (თავისუფალი ქალები), რომლის წევრებიც იდგნენ ფემინისტური და ანარქისტული იდეების სადარაჯოზე, თუმცა თავს ანარქო-ფემინისტებს არ უწოდებდნენ.

ცნობილი მამაკაცი ანარქისტი მოაზროვნეები – პრუდონის გამოკლებით – გენდერულ თანასწორობას ემხრობოდნენ. ბაკუნინი ეწინააღმდეგებოდა პატრიარქატს და ამბობდა, რომ „ქალებს და მამაკაცებს ერთნაირი უფლებები უნდა ჰქონდეთ“, რათა ქალები „გახდნენ დამოუკიდებელნი და თავისუფლად გაიკაფონ ცხოვრების გზა“. ბაკუნინს სურდა „ავტორიტარული ოჯახების“ მოსპობა და „ქალთა სრული სექსუალური თავისუფლება“. მისგან განსხვავებით, პრუდონს ტრადიციული ოჯახი საზოგადოების ფუნდამენტად მიაჩნდა და შესაბამისად, ქალებს მხოლოდ დიასახლისებისა და დედების როლში ხედავდა. რაც შეეხება ანარქისტ ქალებს – მათ საჭიროდ ჩათვალეს ანარქისტული საზოგადოების ფემინისტური კუთხით ანალიზი, რადგან მიაჩნდათ, რომ სახელმწიფოს და კაპიტალის თავიდან მოცილება სულაც არ ნიშნავს პატრიარქატისგან გათავისუფლებას.

რა თქმა უნდა, ანარქა-ფემინიზმის გარდა არსებობს არაერთი ფემინისტური თეორია. მათ შორის აუცილებელია გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი: განსხვავებისა და თანასწორობის თეორიის მიხედვით, დღესდღეობით ქალებსა და კაცებს შორის არსებული განსხვავება სოციალიზაციის პროცესის შედეგია. სწორედ ამიტომ, ამ თეორიის მომხრეები მოითხოვენ, რომ ქალებს ჰქონდეთ გაცილებით მეტი ადგილი წამყვან თანამდებობებზე.სამაგიეროდ, თეორია არაფერს ამბობს როლების გადანაწილებაზე, გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული პატრიარქალური შეხედულებები კი საერთოდ არაა კითხვის ქვეშ დაყენებული. რადიკალური ფემინიზმის მიხედვით, პატრიარქატი დღევანდელი საზოგადოების მთავარი პრობლემაა. ეს თეორია ქალებს აიგივებს ბუნებასთან, მამაკაცებს კი მიაწერს „მიზოგინიას“ – ქალების ზიზღსა და შიშს. რადიკალი ფემინისტები დღესდღეობით არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ სისტემას აკრიტიკებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მათში იგრძნობა პატრიარქატის დიდი გავლენა. ეკო-ფემინიზმის მომხრეები კავშირს ხედავენ ენვაირომენტალიზმსა და ფემინიზმს შორის და ამბობენ, რომ საუკუნეების განმავლობაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური სისტემა ისევე ჩაგრავდა ბუნებას, როგორც – ქალებს და ეს ჩაგვრა დღესაც გრძელდება პატრიარქატისა და კაპიტალის მიერ. ანარქა-ფემინისტური თეორია XX საუკუნის 70-იან წლებში ამერიკელმა ანარქისტებმა – პეგი კორნეგერმა და კეროლ ელრიჩმა რადიკალური ფემინიზმის და ანარქისტული იდეები ერთმანეთს შეუთავსეს – სწორედ მაშინ გაჩნდა ტერმინი „ანარქა-ფემინიზმი“. კორნეგერმა და ელრიჩმა ჩამოაყალიბეს შემდეგი მნიშვნელოვანი პოსტულატები: ფემინისტები თავისთავად არიან ანარქისტები, ანარქიზმი და ფემინიზმი ურთიერთშემავსებელი თეორიებია, ანარქიზმი ფემინიზმს აძლევს რევოლუციურ კონცეფციას და ავტორიტეტის, იერარქიის წინააღმდეგ განაწყობს, ფემინიზმი კი აფართოებს ანარქისტულ ხედვას და პატრიარქატს წარმოაჩენს, როგორც ჩაგვრის ერთ-ერთი მიზეზს. კორნეგერმა და ელრიჩმა ასევე ხაზი გაუსვეს იმას, რომ მხოლოდ კროპოტკინისეული ანარქო-კომუნიზმია თავსებადი ფემინისტურ იდეებთან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება