ამილახვრიანთ ციხე-კოშკი

ამილახვრიანთ ციხე-კოშკი – ციხე-კოშკი მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისის სამხრეთ ნაწილში, მთავარი გზის პირას ნასოფლარ ფხვენისის ახლოს. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 10 მ, კედლის სისქე 2 მ), ძირითადად ნაგებია რიყის ქვით, პირველი სართულის გუმბათოვანი კამარა, ნიშების წირთხლები და თაღოვანი გადახურვები აგურისაა. შენობა დაზიანებულია - თითქმის მთლიანად დანგრეულია მეორე სართულის კედლები. კოშკის პირველი სართული წრიულია, გადახურულია გუმბათოვანი კამარით. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდან აქვს. სართული ნათდება ორი ვიწრო, მაღალი, სწორკუთხა სარკმლით. სარკმლების გადახურვა საფეხურებიანია და შიგნიდან გარეთ მაღლდება. კედელში ორი ფართო, ღრმა, თაღოვანი, სათოფურიანი ნიშია. გარდა ამისა, ამ სართულზე კიდევ სამი პატარა ნიშია, ერთი ბუხარი და ორი სათოფურია. პირველი სართული მეორეს უკავშირდება შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს კედელში დატანებული კიბით. კიბე ნათდება ერთი სწორკუთხა სარკმლით. მეორე სართული სწორკუთხაა. შემორჩენილია მხოლოდ ბუხრის, ფართო ნიშებისა და შესასვლელის წირთხლების კვალი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990 წ. გვ.112-113.
  • ჯ. გვასალია, ლიახვის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ.VI, თბ., 1982, გვ.51