ამაღლების მაცხოვრის ეკლესია
ამაღლების მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში. ვახუშტი ბატონიშვილი მასზე წერს:
„სალომინაოს ხევსა და როკითს ზეით მოერთვის რიონს, სამხრიდამ, ამაღლების ხევი. გამოსდის ფერსათს. ამას ზეით არს მონასტერი ამაღლებას, დიდი, არს შუენიერს ადგილს, და აწ ხუცის ამარად.“
|
დიდი ზომის დარბაზულ ეკლესიას ეტყობა გვიანდელი გადაკეთებების კვალი. ძველი წყობა ამოყვანილია კარგად თლილი ქვიშაქვის კვადრებით, ახალი წყობა კი მთლიანად აგურისაა. გადაკეთების დროს, რამდენიმე ლილვიანი ქვა, შესაძლოა კარის ამყოლი წირთხლების ფრაგმენტები უმისამართოდაა ჩაყოლებული დასავლეთ ფასადში. გვიანდელი გადაკეთების შედეგია აგრეთვე, საკურთხევლის გვერდებზე მოწყობილი სწორკუთხა სათავსები. აბსიდი კოლოფაა, მის ცენტრში გაჭრილია მაღალი თაღოვანი სარკმელი. ეკლესიას სამხრეთიდან გვიანდელი მინაშენი აქვს. იგი ფასადის ნახევარს იკავებს. მასში თაღოვანი შესასვლელი დასავლეთ კედელშია დატანებული. მინაშენი გადახურულია შეისრული კამარით. ეკლესიის ინტერიერი ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვით. კედლებზე აქა-იქ შემორჩენილია ნალესების ფრაგმენტები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10259